ახალი ამბები

ომეგა ჯგუფს 51-მილიონიანი დავალიანება აქვს – სამინისტრო

7 სექტემბერი, 2018 • 1818
ომეგა ჯგუფს 51-მილიონიანი დავალიანება აქვს – სამინისტრო

კომპანია ომეგა ჯგუფისა და TV “იბერიის” განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ ბიზნესსა და მედიაზე ზეწოლის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით, კომპანიას მიმართ გამოყენებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა სახელმწიფოსადმი არსებული ვალის გამო.

სამინისტროს ცნობით, ომეგა ჯგუფში შემავალ კომპანია “ოჯთ”-ს, ძირითადად თამბაქოს აქციზის გადასახადის გადაუხდელობის გამო დავალიანების სახით ეკისრება 51 მლნ. ლარი. განცხადებაში ნათქვამია, რომ დავალიანება რამდენჯერმე განაწილდა, თუმცა კომპანიამ შეთანხმების პირობები დაარღვია.

“აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის(გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ მიმართა წერილობით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს იძულებითი ღონისძიებების არგამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერხებულიყო საწარმოს ფუნქციონირება

იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოსთვის პლურალისტური მედიაგარემოს არსებობა მნიშვნელოვანია; ამასთანავე, ხელს უწყობს ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას, თუმცა გადასახადების გადახდისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის მიზნით მკაცრ პოლიტიკას ინარჩუნებს.


ტელეკომპანია “იბერიის” განცხადებით, არხის მუშაობა საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა პირდაპირ ეთერში დღეს, 7 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, “იბერია” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ხუზმიაშვილის თქმით, კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

ვითარება ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც შეაფასა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება კომპანიაზე ზემოქმედებას ცდილობს, თავად კი კონსულტაციებს უცხოეთში გადის.

“იბერია” აცხადებს, რომ ხელისუფლება არხისთვის ფინანსური წყაროს გადაკეტვას ცდილობს

მასალების გადაბეჭდვის წესი