ახალი ამბები

დღეს ეზიდები “კლოჩე სარე სალის” დღესასწაულს აღნიშნავენ

20 მარტი, 2014 •
დღეს ეზიდები “კლოჩე სარე სალის” დღესასწაულს აღნიშნავენ

კლოჩე ნამცხვარს ნიშნავს, ხოლო სარე სალი – წლის დასაწყისს. ამ დღესათან დაკავშირებით ეზიდთა ოჯახებში კლოჩს, ანუ საახალწლო ნამცხვარს აცხობენ, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული, დილით კი ნამცხვარი შვიდი წმინდანის და ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. თუკი ნამცხვრის დაჭრის შემდეგ მძივის ბურთულა წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდა, ეზიდებს სჯერათ, რომ ეს წმინდანი მთელი წელი მათი მფარველი იქნება, ხოლო თუ ბურთულა ოჯახის წევრის ნაჭერში იყო, ის მთელი წლის მანძილზე ოჯახის მეკვლედ ითვლება.

 

“კლოჩე სარე სალის” დღესასწაულს ეზიდებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ულოცავს:

 

“საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ვულოცავ ახალი წლის დღესასწაულს – „კლოჩე სარე სალის“. ეს უძველესი დღესასწაული გაზაფხულის დადგომის, აღორძინების, რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების  სიმბოლოა. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანაში”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

 

დღესასწაული ეზიდებს მიულოცა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც:

 

“მინდა „კლოჩა სარე სალეს“  დღესასწაული მივულოცო ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს. დღეს, 20 მარტს არის ეზუდური დღესასწაული „კლოჩა სარე სალე“, რომელიც შუამდინარეთის უძველეს საახალწლო ტრადიციას წარმოადგენს და გაზაფხულის დადგომას და ბუნების აღორძინებას უკავშირდება. გილოცავთ ამ ლამაზ და სითბოთი აღსავსე დღესასწაულს და გისურვებთ სიკეთესა და მშვიდობას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მილოცვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი