ახალი ამბები

მასკის მორიგი თავდასხმა მყვინთავზე, რომელმაც ტაილანდელი ბავშვები გადაარჩინა

6 სექტემბერი, 2018 • 2449
მასკის მორიგი თავდასხმა მყვინთავზე, რომელმაც ტაილანდელი ბავშვები გადაარჩინა

ილონ მასკი თავს კიდევ ერთხელ დაესხა მყვინთავს, რომელმაც ტაილანდელი ბავშვები გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ “გარდიანი” ავრცელებს.

ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა ამჯერად ბავშვებზე სექსუალურად მოძალადე უწოდა ვერნონ ანსვორფს, თუმცა ბრალდები არც ამჯერად დაუსაბუთებია:

“მარტოხელა თეთრკანიანი კაცი ინგლისიდან, რომელიც ტაილანდში 30-40 წელია ცხოვრობს,  ჩიენგ რაიში გადადის, რათა 12 წლის გოგო ცოლად მოიყვანოს”, – ამბობს მასკი და აცხადებს, რომ ეს ქალაქი ცნობილია ბავშვთა სექს-ტრეფიკინგის მაღალი მაჩვენებლით.

ილონს მასკის ეს განცხადება “ბაზფიდმა” გამოაქვეყნა. გამოცემა აცხადებს, რომ ანსვორფის წარსული შეისწავლეს, თუმცა მასკის ბრალდებების საფუძვლიანობა მათმა გამოძიებამ ვერ დაადგინა.

ინგლისელი მყვინთავი აქამდეც გამხდარა “ტესლასა” და “სფეის იქსის” დამფუძნებლის ბრალდებების ადრესატი. მანამდე, მასკმა მას პედოფილი უწოდა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

როგორც ანსვორფი ამბობს, ის სარჩელს ამზადებს და გეგმავს სასამართლოს მიმართოს.

ილონ მასკი ტვიტერზე მყინთავს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ამ უკანასკნელმა მასკის მიერ ბავშვების დახმარების მოტივით შექმნილი მინიწყალქვეშა ხომალდი გააკრიტიკა და მას “სასაცილო” უწოდა.

“მას [ილონ მასკს] წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორი ფორმისაა მღვიმე. ხომალდი პირველ რამდენიმე მეტრშიც ვერ გავიდოდა. ეს მისი მორიგი პიარ ხრიკია”,- განაცხადა მყვინთავმა, რამაც მასკის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ინტერვიუდან მალევე ტვიტერის ანგარიშზე მასკმა დაწერა, რომ ვიდეოს გაავრცელებდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი გამოგონება ბავშვებამდე წარმატებით მიაღწევდა. მასკმა თავის პოსტში პირდაპირ მიმართა ანსვორფს  – “მაპატიე, პედოფილო (pedo guy), ეს შენ თვითონ მოითხოვე”.

მასკის ამ განცხადების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მიუთითეს მილიარდერს, რომ 63 წლის მყვინთავი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ტაილანდელი ბიჭების გადარჩენის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რაზეც მასკმა უპასუხა: “ავტოგრაფიან დოლარზე დაგენიძლავები, რომ ეს სიმართლეა”. ორივე პოსტი მასკმა შემდგომ წაშალა.

სამდღიანი სამაშველო ოპერაცია ტაილანდში 10 ივნისს დასრულდა. მაშველებმა მღვიმიდან თორმეტივე ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოყვანა უვნებლად შეძლეს. ვრცლად ტაილანდის მღვიმის ოპერაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკთხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი