ახალი ამბები

ტელეკომპანიები და სარეკლამო სააგენტოები შემოსავლების სამსახურს მიმართავენ

19 მარტი, 2014 •
ტელეკომპანიები და სარეკლამო სააგენტოები შემოსავლების სამსახურს მიმართავენ

ჩვენ, შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ დამკვეთი კომპანიები, რომელთა საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა, მოგმართავთ ერთობლივი განცხადებით:

 

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის და გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიისგან მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევს კომპანიის საქმიანობის შეჩერებას შემდეგი მიზეზების გამო: ამ მონაცემების ნებისმიერი პირისათვის გადაცემისთანავე კომპანია ვალდებულია შეცვალოს კვლევაში მონაწილე ოჯახები და თავიდან მოახდინოს მათი რეკრუტირება. აღნიშნული პროცესი მოითხოვს წინმსწრებ საბაზისო კვლევას შესარჩევი ოჯახების ათმაგი ოდენობით და მიღებული შედეგებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ახალი ოჯახების რეკრუტირებას, რათა არ დაირღვეს კვლევის საერთაშორისო სტანდარტით აღებული ვალდებულებები. ამ პროცედურის განხორციელებას სჭირდება დრო და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და ეს ყოველივე ფაქტობრივად იწვევს გამზომი კომპანიის საქმიანობის შეჩერებას. შესაბამისად, ჩვენ, დამკვეთი კომპანიები, მთელი ამ დროის მანძილზე დავრჩებით სარეიტინგო მონაცემების გარეშე.

 

ვშიშობთ, რომ, თუ არ შეიცვლება ამ საკითხისადმი საგადასახადო ორგანოს მიდგომა, საქართველოში შეუძლებელი იქნება ისეთი მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული კვლევის განხორციელება, რომელიც ბაზარს მიაწვდის მაღალი სანდოობის და სიზუსტის მონაცემებს. შედეგად, ყველა ჩვენგანს შეუმცირდება სარეკლამო დაკვეთები, მათ შორის იმ უცხოური ქსელური დამკვეთებისგან, ვინც უპირობოდ ითხოვს მსგავს მონაცემებს სატელევიზიო რეკლამის განთავსებისათვის. სარეკლამო ბაზარი, თავისი დღევანდელი მდგომარეობით, შეწყვეტს არსებობას და მნიშვნელოვნად შეფერხდება სამაუწყებლო და სარეკლამო ინდუსტრიების განვითარება.

 

ჩვენ, დამკვეთი ტელევიზიები და სარეკლამო სააგენტოები გიდასტურებთ, რომ თქვენ მიერ წარმოებული ინვენტარიზაციის პროცესი დააზარალებს მთელს სარეკლამო ბაზარს: უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვევს კვლევითი კომპანიის სანდოობის დრამატულ ვარდნას და გაყიდვის ობიექტი – ჯამური რეიტინგი შეწყვეტს არსებობას. მთლიანი ზარალი, რასაც გამოიწვევს ეს პროცესი, ჯაჭვური რეაქციით  მიაღწევს მილიონობით დოლარს. სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდება, ტექნოლოგიურად ინდუსტრია უკან დაიხევს და 10-15 წლის წინანდელ რეალობაში აღმოჩნდება, ზარალი მიადგება ყველა ჩვენგანის ფინანსურ მდგომარეობას, რომლებიც მნიშვნელოვან შემოსავალს ვიღებთ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრიდან, პრობლემა შეექმნება სარეკლამო სააგენტოების ცივილურად მუშაობის პროცესს, უცხოური ქსელური დამკვეთები შეამცირებენ იმ სარეკლამო ბიუჯეტებს, რომლებიც იხარჯება ჩვენს ქვეყანაში. ზარალი მიადგება ქვეყნის რეპუტაციას, ვინაიდან თავისუფალი მედიის არსებობის ერთ-ერთი საფუძველია მედიაბაზრის ფინანსური დამოუკიდებლობა.

 

ბატონებო, მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი მოთხოვნა  რესპონდენტი ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად მიღებაზე და არ დაუშვათ მისი ძალით ამოღება. თქვენ მიერ ოჯახების შემოწმება გამოიწვევს რესპონდენტთა ბუნებრივი ტელეყურების პროცესის დარღვევას. ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი თავად იტყვის უარს ტელეყურებადობის გაზომვის პროექტში მონაწილეობაზე.

 

ყველა შემთხვევაში, სიების გადმოცემა ყველა ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო გამოიწვევს კომპანიის საწარმოო პროცესის მინიმუმ შეფერხებას, რაც პირდაპირ იკრძალება საგადასახადო კანონმდებლობით.

 

ამდენად, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ვაძლევთ რეკომენდაციას კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოს“, არ გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ. მოგმართავთ თხოვნით, კიდევ ერთხელ განიხილოთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული ინვენტარიზაციის და შემოწმების ალტერნატიული მეთოდები.  ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთავრობის ხელმძღვანელს ან ფინანსთა მინისტრს და ადგილზე მოვახსენოთ ჩვენი პოზიცია და არგუმენტები.

 

ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდი (ტელეკომპანია ტაბულა)

ტელეკომპანია კომედი არხი

ტელეკომპანია მაესტრო

ტელეკომპანია მუზიკ ბოქსი

ტელეკომპანია რუსთავი 2

ტელეკომპანია ტვ 11

 

 

შპს „ბეთერ ფლაი“

შპს „ინტერ მედია“

შპს „ედ კორპორაცია“

შპს „ემ-სი-ეი ჯორჯია“

შპს „თი ბი სი ტვ“

შპს „თივი ლაინი“

შპს „იუ ემ ჯორჯია“

შპს „კრეატორი“

შპს „მაგი სტილი მედია“

შპს „მედია პორტი“

შპს „პრო მედია“

შპს „სპოტ მედია“

შპს „სქაი მედია“

შპს „ტვ ინტერნეშენელი“

შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“

შპს „ჰავას მედია ჯორჯია“

 

18.03.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი