ახალი ამბები

წინააღმდეგობის მოძრაობა ტრამპის ადმინისტრაციაში – რას წერს NY Times-ის ანონიმი ავტორი

6 სექტემბერი, 2018 • 1401
წინააღმდეგობის მოძრაობა ტრამპის ადმინისტრაციაში – რას წერს NY Times-ის ანონიმი ავტორი

New York Times-მა გამოაქვეყნა ანონიმი ავტორის სტატია, სადაც საუბარია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებულ წინააღმდეგობის მოძრაობაზე. როგორც ანონიმი ავტორი წერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანია და ვინაობის დასახელების გარეშე, ადმინისტაციის შიგნით არსებულ დაპირისპირებას ამხელს.

ავტორი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს აღწერს როგორც ანტიდემოკრატს, შეცდომაში შეყვანილ პირს, რომელიც დროდადრო უგუნურ გადაწყვეტილებებს იღებს. მისივე თქმით, თეთრი სახლის შიგნით წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს, რომელიც პრეზიდენტის დღის წესრიგს ეწინააღმდეგება და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ტრამპი ოფისს არ დატოვებს ან არ გადააყენებენ.

“მეც ამ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი ვარ”, – წერია სტატიაში.

ანონიმი ავტორის თქმით, ტრამპის გარემოცვა განიხილავს პრეზიდენტის გადაყენების შესაძლებლობასაც. როგორც ავტორი წერს, 45-ე პრეზიდენტის გადაყენებას ამერიკის კონსტიტუციის 25-ე შესწორების საფუძველზე აპირებენ. 25-ე შესწორებით პრეზიდენტის შეცვლის საკითხი მაშინ დგება, როცა პრეზიდენტს  საკუთარი უფლებამოსილების სათანადოდ  შესრულება არ შეუძლია.

“საკითხზე, რომელზეც სიტყვიერი შეთანხმება არსებობს, პრეზიდენტს შეუძლია აზრი მეორე წუთს შეიცვალოს. ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიყვებოდა, რომ ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ტრამპმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი შეცვალა. მისი თქმით, ამ საკითხზე ტრამპისგან თანხმობა რამდენიმე კვირის წინ მიიღეს”, – წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი დონალდ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულებაზეც წერს. მისი თქმით,  რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებას პრეზიდენტი უხალისოდ შეხვდა. ავტორი ასევე ირწმუნება, რომ პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ბრიტანეთში მოწამვლასთან დაკავშირებით. ტრამპი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირებთან აცხადებდა, რომ მსგავსი ქცევა რუსეთთან ურთიერთობების კონფრონტაციას გამოიწვევდა. ანონიმი ავტორის ცნობით, საბოლოოდ, ტრამპი იმედგაცრუებული დარჩა სანქციების დაწესებით.

“მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან არჩეული პრეზიდენტია,  კონსერვატული იდეალების მიმართ ერთგულებით არ გამოიჩევა”, – წერს ავტორი.

ანონიმი ავტორის მიერ დაწერილი სტატია New York Times-ში 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. გამოცემის ინფორმაციით, ავტორი ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობას იკავებს. როგორც გაზეთი აღნიშნავს, “ოპ-ედის” რუბრიკაში მკითხველებს, წესით, ანონიმ ავტორებს არ სთავაზობს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ღიად რომ დაეწერა სტატია, საკუთარ თავს საფრთხეში ჩაიგდებდა.

სტატიას გამოეხმაურა მთავარი ადრესატი, პრეზიდენტი ტრამპი. “ანონიმური ნიშნავს გაუბედავს”, – ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა  New York Times-ის ანონიმი ავტორი. მისი თქმით, თუ ადმინისტრაციაში მშიშარა ანონიმი პირი მართლაც არსებობს, მაშინ ამ საკითხით უშიშროების სამსახური უნდა დაინტერესდეს, რათა ასეთი პირი ხელისუფლებას მალე ჩამოშორდეს. თეთრის სახლის პრესსამსახურმა გაზეთში გამოქვეყნებული “ოპ-ედი” ლიბერალური მედიის მიერ ამერიკის პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი