“დღეს არის 19 მარტი, 4 დღე გონივრული ვადა იყო იმისთვის, რომ გამოცხადებულიყო, თუმცა ჩვენთვის მისი ადგულსამყოფელი უცნობია. ჩვენ გვაქვს მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები, მისი ადგილსამყოფელი მათთვისაც უცნობია,”- აცხადებს ჯარჯი წიკლაური. მისი თქმით, ამის გამო პროკურატურა აღკვეთის სახით პატრიმრობას ითხოვს.
ადვოკატი გიორგი გელხაური კი პროკურატურის მოთხოვნას არ ეთანხმება.
“კოდუა არ აღიარებს დანაშაულს, მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით,”- აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება კოდუას ჩამოსვლის საკითხს, გელხაურის თქმით, მან არ იცის, სად იმყოფება კოდუა და გეგმავს თუ არა ის დაბრუნებას.
“ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ, რა აქვს გადაწყვეტილი, მე არ ვიცი.”
ერეკლე კოდუასთვის აღკვეთის შეფარდებაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი მსჯელობს. ის ამჟამად გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.
პროკურორების განმარტებით, ერეკლე კოდუამ, საქართველო ბოლოს 2012 წლის 6 ოქტომბერს დატოვა და მას შემდეგ ქვეყანაში არ დაბრუნებულა. მათივე განცხადებით, კოდუას აქვს დიპლომატიური პასპორტი, რომელიც მას ქვეყნებში მარტივად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ კოდუას ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მას შეუძლია თავისუფლად იცხოვროს საზღვარგარეთ და არ გამოცხადდეს სასამართლოში.