ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩემთვის მტკივნეულია და მნიშვნელოვანია ბიძინას შეფასებები

19 მარტი, 2014 • • 981
მარგველაშვილი: ჩემთვის მტკივნეულია და მნიშვნელოვანია ბიძინას შეფასებები

“ბიძინას კომენტარები, მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვაფასებ ბიძინას, ძალიან მაღალი შეფასება მაქვს მისი. მისი აზრი ჩემთვის მნშვნელოვანია, შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, რომ ხდება ჩემი კრიტიკა, მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის…

 

ბიძინამ ისაუბრა, რომ იყო გარკვეული თემები, რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით, იყო ინტენსიური მსჯელობები ამ საკითხების ირგვლით, თუმცა ის, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას არ ვაპირებ. ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთიერთობები მედიის მეშვეობით ჩემსა და ბიძინას შორის, ჩემთვის მტკივნეულია, მნიშვნელოვანია მისი შეფასებები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მან ასევე არ ისურვა კომენტარის გაკეთება მის მრჩეველთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე, კერძოდ, ყოფილმა პრემიერმა ვანო მაჭავარიანი დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად, რაზეც წარმოიქმნა დაპირისპირება მასსა და მარგველაშვილს შორის.

 

“ეს ორი ადამიანი ძალიან ღიად საუბრობს და ამ ნაწილიდან შეგიძლიათ იმსჯელოთ ამ ურთიერთობებზე. ის, რაც მე და ბიძინას გვილაპარაკია, მე არ ვაპირებ მის განხილვას ღიად და საჯაროდ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტმა ასევე არ ისურვა განმარტებების გაკეთება იმის თაობაზე, რაც შეეხებოდა მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადებაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტოს დადებას მისი მხრიდან, რის გამოც ივანიშვილმა გუშინ სატელევიზიო ინტერვიუში მარგველაშვილი გააკრიტიკა:

 

“ვეტო არის გარდასულ დღეთა ამბავი, არ დავადე ვეტო ამ კანონს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიცვალა პრეზიდენტმა პოზიცია, როდესაც სამუშაოდ გადავიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, რის გამოც ასევე დაიმსახურა ივანიშვილის კრიტიკა, მარგველაშვილმა უპასუხა:

 

“რაც გვისაუბრია მე და ბიძინას და ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის ორ ადამიანს შორის ურთიერთობა. იმ პირობებში, რომელშიც დავიწყეთ მუშაობა, გარკეული კორექტივები შევიდა – მინდოდა, რომ აქ [პრეზიდენტის სასახლეში] უნივესრისტეტი ყოფილიყო, ეს პროექტი ჯერჯერობით ვერ დაიძრა. ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა და ბიძინას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ეს რჩება ჩვენი ურთიერთობის ნაწილად. ვმუშაობ აქ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ჟურნალისტის შეკითხვას პრეზიდენტის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების კონტექსტში, მარგველაშვილმა ასე უპასუხა:


“ასეთი თემა, რამდენადაც ვიცი, გუშინ [ივანიშვილის ინტერვიუ იმედთან] არ წამოწეულა”

მასალების გადაბეჭდვის წესი