“იმუნიტეტის დიდი ნაწილი დაცული არის კონსტიტუციით, მოსამართლეების მიმართაც ასეა და პარლამენტის წევრების მიმართაც, მაგრამ რაღაც ნაწილი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენების შემთხვევაში მოცემულია საპროცესო კოდექსის დონეზე და არა კონსტიტუციის დონეზე. რამდენად სწორია ამის გაუქმება, ეს არის მეორე საკითხი. პარლამენტში თვლიან, რომ ეს არაკონსტიტუციურია, თუმცა არაკონსტიტუციური არის თუ არა, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. რა მოხდება, როგორ მოხდება, მე ვერ გეტყვით, მაგრამ მე პირადად ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები, რომ მოსამართლეების მიმართ რაიმე იმუნიტეტი შესუსტდეს, ისედაც არ აქვთ განსაკუთრებული იმუნიტეტი პარლამენტის წევრებისგან განსხვავებით და ამიტომაც არავითარ შესუსტებაზე აქ ლაპარაკი არ უნდა იყოს”, – აცხადებს კოტე კუბლაშვილი.
მისი თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოს მოსამართლე, პირიქით- მისი იმუნიტეტი უნდა განმტკიცდეს:
“მე მაქვს წინადადებები, რომელსაც წარვადგენ აუცილებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. იცით, რომ კომისიამ დაიწყო მუშაობა და მე პირადად ჩემს წინადადებებს უკვე ვამზადებ და თქვენთვისაც ცნობილი გახდება, ჩემი აზრით, რა არის საჭირო, რომ მოსამართლის იმუნიტეტის და სასამართლო სისტემის პრინციპები როგორ უნდა განმტკიცდეს კონსტიტუციის დონეზე. ამ კუთხით შესაძლებელია იმის გაკეთებაც, რომ ის, რაც არის კანონმდელობის დონეზე, კონსტიტუციის დონეზე ავიდეს ეს გარანტიები, რომ უფრო ხელშეუხებელი იყოს ეს ნორმები და პარლამენტს არ ჰქონდეს საშუალება, რომ ჩვეულებრივი უმრავლესობით რაღაც ცვლილება გააკეთოს და ისე გააუქმოს რაღაც, რაც მოსამართლეებს და სასამართლო სისტემას ეხება”, – განაცხადა კუბლაშვილმა.