ახალი ამბები

გამოკითხულთა 58.1% სასამართლოს სრულად ენდობა

19 მარტი, 2014 •
გამოკითხულთა 58.1% სასამართლოს სრულად ენდობა

 კვლევის შედეგები დღეს გამართულ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა წარმოადგინა.

 

“კვლევისას, რომელიც ყოველწლიურად, ზოგჯერ კი წელიწადში ორჯერაც ტარდება, გამოიკითხნენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მიდიან სასამართლოში, შეაქვთ სარჩელი და ესწრებიან სასამართლო სხდომებს”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

 

გარდა ნდობის მაჩვენებლისა, გამოკითხულ ადამიანებს შეკითხვა დაუსვეს სასამართლოში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ სასამართლოში არ არის კორუფცია, ხოლო 12%–ის აზრით, გარკვეულ შემთხვევებში სასამართლოში კორუფციაა. 

 

რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ადამიანების განწყობას, გამოკითხულთაგან 44%–ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ დადებითისკენ შეიცვალა, 36%–ის დამოკიდებულება არ შეცვლილა და მანამდეც დადებითი იყო, ხოლო 12% სასამართლოს მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

 

კვლევის მონაწილეებმა სასამართლოში არსებული მომსახურების პროცედურებიც შეაფასეს. 65% პროცედურებით კმაყოფილია, ან ძალიან კმაყოფილია, 22% არ აფიქსირებს საკუთარი პოზიციას, ხოლო 8% უკმაყოფილოა, ან ძალიან უკმაყოფილოა.

 

კუბლაშვილი კვლევის შედეგებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ შესაძლოა მსგავსი კვლევა მომავალში სხვა საქალაქო სასამართლოებშიც ჩატარდეს.

 

კვლევა ჩატარდა 2014 წლის 27 იანვარი – 7 თებერვლის პერიოდში. კვლევისას გამოყენებული კითხვარი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა. კვლევის განმავლობაში სულ 1330 სასამართლოს მომხმარებელი გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ ბრალდებულებიც, მოწმეებიც და უცხოელი ექსპერტებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი