ახალი ამბები

თამარ ქალდანი: “ფიფლმეტრების” ასეთი ფორმით შემოწმება ჩვენი წუხილის საგანია

19 მარტი, 2014 • • 2075
თამარ ქალდანი: “ფიფლმეტრების” ასეთი ფორმით შემოწმება ჩვენი წუხილის საგანია

“ამ ინფორმაციის ასეთი ფორმით მიღება ჩვენი წუხილის საგანია. ვფიქრობთ, რომ კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს გათვალისწინებული კვლევაში მონაწილეთა ინტერესები, რომელთაც ჰქონდათ კონფიდენციალობის სრული გარანტია. ალტერნატიული მეთოდით ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე არსებული სახით,”- აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

ქალდანის განმარტებით, მისი უწყება კონსულტაციის მიზნით დაახლოებით ერთი კვირის წინ შეხვდა კომპანიის წარმომადგენლებს. 

 

“ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უნდა იცოდეთ. ჩვენი უფლებამოსილება კანონით შეზღუდულია კერძო სექტორის მიმართ. ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ სახელმწიფო სექტორის მიმართ, ვერ ვაკეთებთ კერძო სექტორის მიმართ.”


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსაუხრის მიერ კომპანიის კვლევის სპეციფიკა გათვალისწინებული უნდა იყოს და შემოსავლების სამსახურმა სტანდარტული მიდგომა შესაძლოა არ უნდა გამოიყენოს.  

 

“ფაქტია, რომ კანონით მინიჭებული უფლება შემოსავლების სამსახურს, რომ მიიღოს ასეთი ინფორმაცია, აქვს. ცალკე, სიღრმისეულად, დასაბუთებები, აქტი მე არ მინახავს, თუმცა ეჭვს ბადებს, არის თუ არა მიზნის პროპორციული მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. თუ შესაძლებელია მიზნის მიღწევა ისეთი გზებით, რომელიც არ ითვალისწინებს კვლევაში ჩართული ადამიანების ვინაობისა და მისამართების მათთვის გადაცემას, არსებობს ალტერნატიული მეთოდები.”  

 

ქალდანის განმარტებით, ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდია [ის, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ] “ფიფლმეტრების” ადგილზე მიტანა და არა მისამართებზე მისვლა და ამ გზით შემოწმება. 


“ამ ალტერნატივას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ მისი გამოყენება მოხდეს. ვინაიდან საკითხი არ იყო მხოლოდ პერსონალურ მონაცემებზე, და იყო ზოგადად ინვენტარიზაციის პროცედურა, რომელიც ცდება ჩვენს კომპეტენციას. კომპანია დავაკავშირეთ ორგანიზაცია საგადასახადო ომბუდსმენს, რომ მათთანაც გაევლოთ გარკვეული კონსულტაცია. შევთავაზეთ სრული მზაობა, რომ ჩავერთოთ ნებისმიერი მოლაპარაკების თუ დისკუსიის პროცესში მანდატიდან გამომდინარე,”- აცხადებს ქალდანი.


შეგახსენებთ, შემოსავლების სამსახური იმ პირთა პერსონალურ მონაცემებს ითხოვს, ვინც საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების კვლევაში მონაწილეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები და ტელევიზიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა, პირადი ინფორმაციის გაცემის გარდა, საფრთხეს შეუქმნის სატელევიზიო და სარეკლამო ბაზარს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი