Interviewsახალი ამბები

ჟურნალისტების ნაწილს პუტინის დაფინანსებული მედიაფორუმის გაშუქების საშუალება არ ეძლევა

5 სექტემბერი, 2018 • 3184
ჟურნალისტების ნაწილს პუტინის დაფინანსებული მედიაფორუმის გაშუქების საშუალება არ ეძლევა

ქართველი ჟურნალისტების ნაწილს რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერილი მედიაფორუმის გაშუქების საშუალება არ ეძლევა. თბილისში, სასტუმრო “ვერე პალასში”, სადაც მედიაფორუმი მიმდინარეობს, ჟურნალისტების ნაწილი წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარალელურად მიმდინარე აქციაზე “რუსეთი ოკუპანტია” სიტუაცია დაიძაბა, დაცვის ზომები გამკაცრდა.

ამ დროისთვის ფორუმის გაშუქების მიზნით სასტუმროში შესვლის საშუალება არ ეძლევა “ნეტგაზეთის”, On.ge-ს, “ლიბერალის”, “იბერიის”, “პალიტრანიუსის”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რადიოს ჟურნალისტებს, ასევე, სამოქალაქო აქტივისტებს.

როგორც On.ge-ის ჟურნალისტი თამარ გეგიძე ამბობს, სასტუმროს მენეჯერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფორუმზე დასწრება ორგანიზატორებმა შეზღუდეს.

“ვუთხარი, რომ ვიყავი ჟურნალისტი, მაგრამ მაინც არ შემიშვეს. ჩემს თვალწინ შედიოდნენ ქართველი ჟურნალისტები, ტელეკომპანიების ჟურნალისტები, რომლებიც ფორუმის მონაწილედ ასევე არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ შედიოდნენ გადასაღებად. მათი ნაწილი არ იყო წინასწარ დარეგისტრირებული”, – განაცხადა გეგიძემ. მისივე თქმით, სასტუმროს მენეჯერმა თქვა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ შევა და ვინ არა სასტუმროში, რადგან კონკერტულ ორგანიზაციას ნაქირავები აქვს შენობა მედიაფორუმისთვის.

“მე მგონია, დანარჩენმა ჟურნალისტებმა უბრალოდ მოასწრეს შესვლა, ვიდრე აქციაზე სიტუაცია დაიძაბებოდა, მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ ჩემს თვალწინ ხალხი შედიოდა და ალბათ იმის ბრალია, რომ ტელეფონზე სტიკერი მქონდა დაკრული, რომ რუსეთი ოკუპანტია და აქტივისტად ჩამთვალეს”, – დასძინა გეგიძემ.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა სასტუმროს მენეჯერმა. “ეს ჩემს კომპეტენციას სცდება. ვინც ატარებს ღონისძიებას, მათ გასცეს აკრედიტაცია კონკრეტულ მედიასაშუალებებზე და ისინი აშუქებენ”, – განაცხადა გიორგი კონდრატიევმა.

მედიაფორუმზე, რომელიც “ვერე პალასში” იმართება, რუსეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საუბრობენ “მედიის როლზე რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“.

ფორუმის საგანგებო სტუმარი რუსული სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოს “Россия сегодня-ს” (Russia Today/RT) პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი კოსირევია. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო, ქართველმა მესაზღვრეებმა დელეგაციის სამი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს. მათ შორის არიან რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბოდრიუგოვი, რუსული გამოცემა Tass-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი და ალექს ტოკარევი.

მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი “Север-Юг”, პრესკლუბი “თანამეგობრობა” და გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”. ფორუმი რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით იმართება. მედიაფორუმის პარალელურად “ვერე პალასთან” აქცია-პერფორმანსი “რუსეთი ოკუპანტია” გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი