“ბიძინას, როგორც ჩანს, დამახინჯებულად მიაწოდეს ის ყველა ინფორმაცია, რომელზეც ის აპელირებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები, მასაც ჰქონდა ძალიან კონკრეტული შემოთავაზება, მე მას ავუხსენი, რომ მე შიდა თემებში, პოლიტიკურში, სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ჩავერეოდი. ბიძინას ეს გულისწყრომა ჰქონდა, რომ მე მასთან ვიმუშავებდი, მე ახლაც ვმუშაობ, მიმაჩნია, გუნდში, მას აქვს უფლება გამოხატოს თავისი შეხედულება, რომელსაც, მე შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ არ ვეთანხმები იმის გამო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, და თუ საშუალება იქნება, ვილაპარაკებთ და ბევრი რამე გაირკვევა”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა “იმედთან” საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილმა ვანო მაჭავარიანი უმსგავსო საქციელში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი და გიორგი მარგველაშვილის დაპირისპირების ერთ–ერთი საკითხი ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნაა:
“უმსგავსო საქციელი ჩაიდინა ამ კაცმა, რომელიც ჩვენთან მოვიდა იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა შეეშინებინა”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა დიდი ხნის მანძილზე სამსახურს არ აძლევდა ვანო მაჭავარიანს:
“ქრთამის სახით მისცეს სამსახური საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტიც გილაური გახლდათ. 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ეს ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერაც არ მოსულაო, ხელფასის ასაღებადაც არ დადის, ქრთამის სახით იღებსო და თქვენ ხომ არ გჭირდებათო, და მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-მეთქი, ანუ ისევ გილაურმა გაათავისუფლა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
“ნეტგაზეთი დაუკავშირდა ნიკა გილაურს, მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.