ახალი ამბები

სუსი: პასუხისგებაში მივეცით პირი, რომელიც სოც. დაუცველთა თანხებს თაღლითურად ითვისებდა

5 სექტემბერი, 2018 • 2008
სუსი: პასუხისგებაში მივეცით პირი, რომელიც სოც. დაუცველთა თანხებს თაღლითურად ითვისებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანია.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი სოციალურად დაუცველი პირების მონაცემების გაყალბების გზით, მათთვის განკუთვნილ სოციალური დახმარების თანხებს თაღლითურად დაეუფლა. ამ გზით მან 1450 ლარი მიითვისა.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი