“იყო გაუგებრობა ჩვენს შორის, 2 თვის განმავლობაში ძალიან ჩაჭიდებული პოლემიკა გვქონდა. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოჩნდა და ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა. მე 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც კი არ მახსოვს, რომ ასე შეიცვალოს ადამიანი, მაგრამ არაფერი საოცრება არ ხდება. ჩვენ დღეს აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს და მე ამაშიც ვერ ვხედავ ვერაფერ ტრაგედიას. ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი გაუგერობა ვანო მაჭავარიანს, მარგველაშვილის მრჩეველს უკავშირდება:
“რატომ გახდა ახალი პრეზიდენტის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი მისი ძმა – მიშა მაჭავარიანია. მე ზოგადად ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ეს [ვანო მაჭავარიანი] ნაციონალური მოძროაბის ლიდერის ძმაა. თვითონ მიშა მაჭავარიანმაც რომ იმუშაოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამაშიც კი ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და დღესაც დაისმის. როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში და შევქმენით კოალიცია “ქართული ოცნება”, სადღაც ნოემბერში გიორგიმ მოიყვანა თავისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, რომ ის გახდებოდა ჩვენი გუნდის წევრი ოპოზიციაში და ასე შემდეგ. მე მასთან ძალიან ბევრი დრო დავხარჯე. საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში და მერე ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ სურვილი აღარ აქვს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა ნაციონალრი მოძრაობის წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და დიდი ხნის განმავლობაში ის უმუშევარი იყო. მან შეაშინა ისინი. ქრთამის სახით მისცეს სამსახური საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტიც გილაური გახლდათ. 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად.
ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ეს ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერაც არ მოსულაო, ხელფასის ასაღებადაც არ დადის, ქრთამის სახით იღებსო და თქვენ ხომ არ გჭირდებათო, და მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-მეთქი, ანუ ისევ გილაურმა გაათავისუფლა. ჩემი აზრით, უმსგავსო საქციელი ჩაიდინა ამ კაცმა, რომელიც ჩვენთან მოვიდა იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა შეეშეინებინა: დამასაქმეთ, თორემ იმათთან წავალო. ნაციონალური მოძრაობაის ჩვეულებრივი წევრი იყო და დღეს ახალი პრეზიდენტის სახე გახდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში გადავიდა. ივანიშვილის თქმით კი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მარგველაშვილი ამ შენობას ძალადობის, გარყვნილების და ბოროტების სიმბოლოს ეძახდა, ამბობდა, “იქ როგორ შეიძლება წესიერი კაცი შევიდესო”.
ივანიშვილის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა არაფერი ტრაგიკული არ ხდება. მისი თქმით, კონსტიტუციით დაკსირებულ ფუნქციებს მარგველაშვილი თავს კარგად ართმევს.
