ახალი ამბებირეკლამა

ბატიაშვილი: ევროპული სკოლის გახსნა ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვის კიდევ ერთი აღიარებაა

4 სექტემბერი, 2018 •
ბატიაშვილი: ევროპული სკოლის გახსნა ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვის კიდევ ერთი აღიარებაა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული  სკოლა გაიხსნა.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომლის თქმით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიული არჩევანის – ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა.

ევროპული სკოლა საქართველოში პირველია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 16-17 წლის მოსწავლეებისთვის ევროპული ხარისხის საშუალო განათლებას უზრუნველყოფს. მოსწავლეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე შეირჩევიან და შესაბამის სტიპენდიებს მიიღებენ. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ წარჩინებულ მოსწავლეებს. სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები  ევროპული დონის საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს მიიღებენ.

მიხეილ ბატიაშვილი თქმით, ახალი სკოლა იქნება მულტიკულტურული სასწავლო და საცხოვრებელი გარემო საინტერესო არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით. ეს იქნება შესაძლებლობა,  ახალგაზრდებმა ისწავლონ და იცხოვრონ იმ პრაქტიკაში, რაც ეფუძნება ევროკავშირის უმთავრეს ფასეულობას – მრავალფეროვნებაში ერთიანობას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროპელ და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას სკოლის გრძელვადიან მოდელზე, რომლის განხორციელება ევროკომისიის თანადაფინანსებით მოხდება.  

ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლა პირველ ეტაპზე, დროებით, კერძო სკოლის – „ახალი სკოლა“ ბაზაზე იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი