ახალი ამბები

ედპ-ს წარმომადგენელი კომისიის შესაძლო წევრებს ურეკავს და ცრუ ინფორმაციას აწვდის — ცესკო

4 სექტემბერი, 2018 • 1805
ედპ-ს წარმომადგენელი კომისიის შესაძლო წევრებს ურეკავს და ცრუ ინფორმაციას აწვდის — ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, ლანჩხუთის საუბნო კომისიის რამდენიმე კონკურსანტს ედპ -ი ს წარმომადგენელი ურეკავდა და კონკურსთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. ცესკო – ში აცხადებენ, რომ ლანჩხუთის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე კონკურსანტი ცესკოს დაუკავშირდა და მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

“კონკურსანტების განცხადებით, უცნობი პირი უკავშირდებოდა ტელეფონზე, ვინმე „კურატორის“ სახელით და აწვდიდა  მცდარ ინფორმაციას  კონკურსთან დაკავშირებით,” – აცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ცესკო -ს ცნობით, კონკურსანტების მიერ მიწოდებული ტელეფონის ნომერი “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელს ეკუთვნის, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 აგვისტოს პარტიის წარმომადგენლად დარეგისტრირდა.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ედპ – ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ლანჩხუთში მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” წარმომადგენლის თქმით, საუბნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურს ინტენსიურად აკვირდებიან. ბაჩუკი ქარდავა განმარტავს, რომ რეგიონებში მათ წარმომადგენლებს დავალება აქვთ მიცემული, რაც კომისიის შესაძლო წევრებზე მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს.

“ადგილებზე ჩვენს წარმომადგენლებს დავალება აქვთ მიღებული, მაქსიმალურად განახორციელონ მონიტორინგი და შეუზღუდონ ცესკო -ს უკანონო ქმედებების განხორციელება. ისეთი ქმედებების, როგორიც არის “ქართული ოცნებისა” და სუს – ის თანამშრომლების ნათესავებით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. რეგიონებში ჩვენს წარმომადგენლებს ამ პროცესის მონიტორინგი ევალებათ. ამას არც უარვყოფთ. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რაზე საუბრობს ცესკო. თუ იმას გულისხმობენ, რომ ჩვენ ინფორმაციას კომისიის წევრების შესახებ ვაგროვებთ, ეს ნამდვილად ასეა. თუმცა ზარებზე ინფორმაცია რეალობისგან შორს არის,” – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი