ახალი ამბები

ტელევიზიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიისგან პერსონალურ მონაცემებს ითხოვენ

18 მარტი, 2014 •
ტელევიზიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიისგან პერსონალურ მონაცემებს ითხოვენ

„IPM მონიტორინგის“ დამფუძნებლისა  და „თი ვი ემ ერ საქართველოს“ პარტნიორის, გოჩა ცქიტიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ პირადად მისგან მოითხოვა კვლევაში მონაწილე ადამიანების სია.

 

“დაახლოებით სამი კვირის წინ პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთმა ტელევიზიამ, მთხოვეს, რომ რაიმენაირად გადამეტანა მათთვის სიები. მე ავუხსენი, რომ ისინი ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო და არაფერში გამოადგებოდათ,” -აცხადებს ცქიტიშვილი, თუმცა ტელევიზიის დასახელებისგან თავს იკავებს.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, სატელევიზიო რეიტინგების მოდიფიცირება ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია GDS-ის ინტერესებშია. მისივე განმარტებით, კვლევაში მონაწილე პირთა სიის გადაცემის მოთხოვნა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკვეთით ხორციელდება. 

 

ნეტგაზეთი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა ტელეკომპანია GDS-ს განმარტებისთვის, თუმცა ტელევიზიის პრესსამსახურმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

 

კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო” ერთდაერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც  „ფიფლმეტრებით“ ტელეკომპანიების რეიტინგებს ითვლის. კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოსთან” 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტო თანამშრომლობს.  ამ ეტაპზე რეიტინგების დათვლის მიზნით კვლევაში 350-მდე კერძო პირია ჩართული [მათ საკუთრებაში “ფიფლმეტრია” დამონტაჟებული]. შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახური რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანიისგან კვლევაში ჩართული ადამიანების სიას და მისამართებს ითხოვს. “თი-ვი ემ-არ საქართველოში” აცხადებენ, რომ ზეპირი კონტრაქტები კლიენტებთან მათ არ აძლევს უფლებას, გასცენ პერსონალური მონაცემები კვლევაში ჩართული ადამიანების შესახებ. 

 

“ჩატარდა ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის მიერ ოფისში, მაგრამ კომპანიის კუთვნილებაში არის სხვა მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობები, რომელიც განლაგებული არის ოფისის მიღმა, არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება, რომელიც არეგულირებს კომპანიის კუთვნილებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვის წესს. ამ ბრძანების საფუძველზე უნდა მოხდეს მათი განთავსების ადგილების მიხედვით,”- ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი, შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

 

“აუცილებლად ყველაფერს გავასაჩივრებთ. რა თქმა უნდა, გასვლითი საგადასახადო შემოწმება საგადასახადოს შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერ დროს, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე საგადასახადო აღრიცხვისთვის არის საჭირო, ცხადია, ჩვენ მიერ არ მიეწოდება. უნდა გაირკვეს, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, რომ არ მოხდეს კონფიდენციალობის დარღვევაც, და ამავე დროს საგადასახადოც დაკმაყოფილებული იყოს ამ დოკუმენტების მხრივ,”- ამბობს ქეთევან ქვარცხავა, კომპანიის ადვოკატი. 

 

ინფორმაციის მიწოდების ბოლო ვადა 10 მარტი იყო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მისი არმიწოდების გამო კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო” 800 ლარით დააჯარიმა. 

 

“თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე უმნიშვნელო შემთხვევას, არც ერთ კომპანიას საქართველოში უარი არ უთქვამს და, მით უმეტეს, წინააღმდეგობა არ გაუწევია შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისათვის, განეხორციელებინათ კანონით დაკისრებული ფუნქციები, შეემოწმებინათ ამა თუ იმ კომპანიის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხები. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისთვის დოკუმენტების დამალვა იწვევს კომპანიის  პასუხისმგებლობას,”- წერია შემოსავლების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში.

 

“შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურს კანონის ფარგლებში აღნიშნული მოწყობილობების ადგილზე შემოწმების უფლება აქვს. ის სწორედ ამაზე აკეთებს აპელირებას, რომ კანონი ავალდებულებს მათ. თუმცა საგადასახადო კოდექსში ასევე წერია, რომ ამ პროცედურებმა კომპანიის მუშაობის რიტმი არ უნდა დაარღვიოს. ცალსახად, ასეთ შემთხვევებში პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ თუ ასეთი მეთოდი დააზარალებს კომპანიას, ან თუ მას აქვს კონფიდენციალობის პირობა თავის კლიენტებთან, თუ არსებობს ალტერნატიული მეთოდი, ორივე მხარის ინტერესები რომ დაცული იყოს, მაშინ შეთანხმება უნდა მოხდეს ალტერნატიულ მეთოდზე,”- ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მედიაანალიტიკოსი, დიანა ჩაჩუა ნეტგაზეთთან საუბარში.

 

ალტერნატიული მეთოდი კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა შემოსავლების სამსახურს. აღნიშნული მეთოდი გულისხმობდა “ფიფლმეტრების” ნაწილ-ნაწილ დემონტაჟს, კომპანიის ოფისში მოტანას და სერიული კოდებით მათ შემოწმებას აუდიტის სამსაუხრის მიერ. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში არც ერთი მხარის ინტერესი არ დაზარალდებოდა. 

 

“სამართლებრივად კომპანიას არ აქვს უფლება უარი უთხრას შემოწმებაზე, მაგრამ ისინი ითხოვენ და ჩვენც მოვუწოდებთ შემოსავლების სამსახურს, რომ დათანხმდეს ამ ალტერნატიულ მეთოდზე. შესაბამისად, ამ დაჯარიმებით შემოსავლების სამსახურს, ბუნებრივია, არ დაურღვევია კანონი. საქმე იმაშია, რომ თუ ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო სოლიდური ჯარიმები ელის წინ კომპანიას,”- ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი. 

 

ამასთან, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ეს ამბავი პრობლემას არა მხოლოდ კერძო კომპანიის მუშაობას, არამედ სარეკლამო და სატელევიზიო ბიზნესსაც შეუქმნის. 

 

“მთავარი ამოცანა ამ ადამიანების, საგადასახადო უწყების და მის უკან მდგომი ხელისუფლების [იმიტომ, რომ ჩვენ დისტანცირებულად ვერ განვიხილავთ საგადასახადო უწყებას და ხელისუფლებას ერთმანეთისგან; ხელისუფლებას აქვს სრული პასუხისმგებლობა როგორ იქცევიან მისი ადმინისტრაციული ორგანოები], არის კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება, რომელიც მათ არაფერში არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ მხოლოდ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სავსებით შესაძლებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გახსნის გარეშეც მოიპოვონ.

 

ამოცანა, ბუნებრივია, არის რეიტინგებით მანიპულირება, და ამ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში წაუგებელი თამაშია. ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ ლიცენზიას დაკარგავს ეს კვლევითი ორგანიზაცია, მის მიმართ ნდობა აბსოლუტურად ნიველირდება, პირველ შემთხვევაში ეს გამოიწვევს იმას, რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება სარეკლამო გაყიდვები, შესაბამისად, ყველა ის ტელევიზია, რომელიც მხოლოდ თავის შემოსავლებზეა ორიენტირებული, უბრალოდ შეწყვეტს არსებობას. ასეთია რუსთავი 2, და მეორე შემთხვევაში, თუკი ამას ჩუმად გაიტანენ, ააყირავებენ სიტუაციას რეიტინგებში და აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ, ხელოვნურად მანიპულირებულს. ეს არის მანიპულაცია ციფრებით, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა,” – ამბობს ნიკა გვარამია, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი.

 

“გარკვეულ წრეებში მუდმივად იყო უნდობლობის ფაქტორი ამ კომპანიის კვლევებთან დაკავშირებით, ამიტომ გასულ წელს IREX-ის პროგრამა G-Media-ს ფარგლებში „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მიერ გამოყენებული სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის სისტემის აუდიტი განხორციელდა, რომლის შედეგადაც ხარვეზები არ გამოვლენილა და დადასტურდა, რომ მეთოდოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს, სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო ნორმატივებთან,”- აცხადებს დიანა ჩაჩუა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი.

 

აღნიშნულ საკითხზე განცხადება რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკეთეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ შემოსავლების სამსახურმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი სარეკლამო ბაზრის განვითარებას. 

 

„თი-ვი ემ-არ საქართველო“ ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. სატელევიზიო რეიტინგები კი ტელეკომპანიებისთვის რეკლამის მოზიდვის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს, დათანახმდეს კომპანიის ალტერნატიულ შემოთავაზებას „ფიფლმეტრების“ ოფისის ბაზაზე შემოწმების შესახებ. ასევე, აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოახდინოს რეაგირება ამ საკითხზე, რადგან საქმე ეხება მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს (კვლევაში ჩართული პირების მისამართები). მოვუწოდებთ ინსპექტორს, რომელიც საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებს, შეასრულოს მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანები და კონსულტაცია გაუწიოს როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე, კერძო კომპანიას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა დაცულობა,”- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი