ახალი ამბები

ომბუდსმენი პოლიციელების მხრიდან შესაძლო დანაშაულზე გამოძიებას ითხოვს

18 მარტი, 2014 •
ომბუდსმენი პოლიციელების მხრიდან შესაძლო დანაშაულზე გამოძიებას ითხოვს

“სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბარში ბრალდებულმა ბ.კ–მ განმარტა, რომ 2013 წლის 2 დეკემბერს, დილის 6 საათზე მეგობართან ერთად მიემგზავრებოდა  თბილისში, რა დროსაც ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავ სამარშრუტო ტაქსს გადაეღობა ორი ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები (ერთ–ერთი იყო უბნის რწმუნებული) და მოთხოვეს მას და მის მეგობარს სამარშრუტო ტაქსიდან გადასვლა. მათ არ განუმარტეს, რის საფუძველზე აკავებდნენ, იძულებით გადაიყვანეს სამარშრუტო ტაქსიდან და ცალ–ცალკე ჩასვეს ავტომანქანებში. დაკავებულები გადაიყვანეს შსს–ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, სადაც შეიყვანეს სხვადასხვა ოთახებში, არ მისცეს არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა.

 

ბ.კ-მ შეხვედრისას აღნიშნა, რომ სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა თითქმის 24 საათის განმავლობაში და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მასზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ბ.კ-მ განმარტა, რომ მის ცემაში მონაწილეობდა პოლიციის 5–6 თანამშრომელი, რომლებიც მას ღირსების შემლახავი მეთოდებით აიძულებდნენ ეღიარებინა ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი ლომბარდის გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულს დაკავებული დათანმხმდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღო დაპირება, რომ მის მეგობარს – ზ.ზ-ს გაათავისუფლებდნენ. ზ.ზ მისი აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ მოგვიანებით მართლაც გაათავისუფლეს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, შესწავლილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ბ.კ-ს ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანის დროს მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ბ.კ–ზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს მისი მეგობარიც. ომბუდსმენი პროკურატურას აღნიშნული ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი