ფაბიუსის განცხადებით, იგი არ აპირებს, რომ ჩავიდეს მოსკოვში და შეხვდეს თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს. ეს ვიზიტი გარკვეული პერიოდის წინ დაიგეგმა, თუმცა ფაბიუსი აცხადებს, რომ მისი მოსკოვში ჩასვლა მიმდინარე მოვლენებთან შეუსაბამო იქნება.
მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთი მთლიანად იზოლირებულია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი, შესაძლოა, დიდი რვიანიდან გარიცხონ, dna india–მ და ჩინურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua–მაც გაავრცელეს სხვადასვა წყაროზე დაყრნდობით. მათი ინფორმაციით, დიდი რვიანის ქვეყნები აპირებენ, რომ G8–ის მომდევნო სამიტი სოჭის ნაცვლად ლონდონში ჩაატარონ მიმდინარე წელს.
დიდი რვიანის ერთ–ერთი წევრის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინფორმაციის კომენტირებისაგან თავი შეიკავა, ხოლო გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიამ დიდი რვიანის სხვა ქვეყნებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება სოჭის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა ამის მეტი არავითარი გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის.
დიდი რვიანის შვიდმა ქვეყანამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება 3 მარტს გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო წყვეტენ ყოველგვარ ღონისძიებას, რომელიც ამა წლის ივნისში სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.