“მე მოვედი იმიტომ, რომ მხარი დავუჭირო კახა ბენდუქიძეს, რომელიც დაკითხვაზეა პროკურატურაში. მე მოვესწარი ძველ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, რომელიც იყო სახელგანთქმული სწავლის დაბალი და კორუფციის მაღალი დონით, ხოლო დღეს სასწავლებელში სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, სწორედ კახა ბენდუქიძის მოსვლის შემდეგ,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა სტუდენტმა გიორგი ოდიშაშვილმა.
კიდევ ერთი სტუდენტი დავით ცირამუა ამბობს, რომ დღეს პროკურატურასთან კახა ბენდუქიძისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა:
“ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები, მგონია, რომ ამ საქმეს მომავალი არა აქვს და გაგრძელება არ ექნება”.
“მე ვიცი, როგორი იყო თავიდან უნივერსიტეტი, თავისი ამოყრილი პარკეტით, საშინელი ინფრასტრუქტურით, საშინელი საპირფარეშოებით და გაუსაძლისი პირობებით. ახლა რომ შეხვიდეთ, ასეთი ინტერიერი არც ერთ უნივერსიტეტს არ აქვს, ყველანაირად გამართული უნივერსიტეტია, ასევე, როგორც ვიცი გადმოცემით, ადრე თუ ლექტორს 20 ლიტრ ღვინოს ჩამოუტანდი, ან ცხვარს, კარგი ქულა გექნებოდა, რაც დღეს ასე აღარ არის, ამიტომ მოვედით დღეს აქ”, – აცხადებს სტუდენტის რუსუდან ბრეგვაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
პროკურატურის ცნობით, საქმე, რომელზეც დღეს კახა ბენდუქიძე იკითხება, ეხება სსიპ „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის“ ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, სსიპ “სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის’’ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს “აგრომეტის’’ კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს “აგრომეტის’’ 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. მაშინ, როდესაც შპს ,,აგრომეტის’’ საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. პროკურატურისვე ინფორმაციით, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირებული იქნა სხვა ქონებების ღირებულებებიც.