ახალი ამბები

ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა ცოლის კარიერის მხარდაჭერის გამო დატოვა

2 სექტემბერი, 2018 • 9387
ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა ცოლის კარიერის მხარდაჭერის გამო დატოვა

ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრი კეტილ სოლვიკ-ოლსენი თანამდებობა ცოლის სამედიცინო კარიერის გამო ტოვებს. ამის შესახებ Euronews წერს. მინისტრი ცოლს აშშ-ში მიყვება, სადაც მას სამსახური შესთავაზეს.

სოლვიკ-ოლსენმა საკუთარი გადაწყვეტილება ფეისბუქზე ახსნა და აღნიშნა, რომ “მოხარულია, რომ შეასრულა მსოფლიოში ყველაზე მაგარი სამუშაო… ახლა კი მისი[ცოლის] ჯერია, საკუთარი ოცნება აისრულოს”.

მინისტრის ცნობით, სანამ ნორვეგიის პოლიტიკურ სივრცეს დაუბრუნდება,აშშ-ში 1 წლის მანძილზე იცხოვრებს, ამ პერიოდში კი ცოლი ალაბამას შტატში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოში იმუშავებს.

Euronews-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში მინისტრის გადაწყვეტილება არაერთმა მომხმარებელმა მოიწონა და ის გენდერული თანასწორობის გამარჯვებად შეაფასა.

2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშით, რომელიც გენდერული თანასწორობის კუთხით მსოფლიოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, ნორვეგიამ 144 ქვეყანას შორის მეორე ადგილი დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი