ახალი ამბები

შსს-მ ფაშისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავა

1 სექტემბერი, 2018 • 14455
შსს-მ ფაშისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავა

ფაშისტური მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი, გიორგი ჭელიძე დაკავებულია. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ჭელიძე პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ამოიღო, რაზეც ექსპერტიზები დაინიშნა.

გიორგი ჭელიძის სახლში მიმდინარე ჩხრეკის შესახებ “საქართველოს ეროვნული ერთობა” მოძრაობის ფეისბუქ გვერდზეც წერდა, თუმცა აცხადებდა, რომ “ჭელიძეს არცერთი პისტოლეტი თუ ავტომატი არ უდევს სახლში ისეთი, რომლის გადაფორმების და ქალაქიდან 5 კილომეტრის დაშორებით გამოყენების უფლება არ ჰქონდეს თავად შსს-ს მინიჭებული”.

ვიდეო, რომლის საფუძველზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო, ფაშისტურმა მოძრაობამ სოციალურ ქსელში 27 აგვისტოს გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ ისვრის მოძრაობის რამდენიმე წევრი იარაღიდან. ვიდეოს “ფაშისტური კვირადღე” ჰქვია, ხოლო აღწერაში მითითებულია, რომ მოძრაობის წარმომადგენლები “ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “საქართველოს ეროვნული ერთობის” წინააღმდეგ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით გამოძიება იწყება. ასე მოხდა მიმდინარე წლის აპრილში გავრცელებული ვიდეოს შემთხვევაში, რომელშიც 3 იარაღი ჩანდა, მოძრაობის ორი წევრი კი ამბობდა, რომ  ყველა უნდა დაუდგეს გვერდში იმ ადამიანებს, ვინც “საკუთარ ტერიტორიას”, ამ შემთხვევაში უბანს, იცავს. 1 თვის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ იარაღები პნევმატური იყო და გამოძიებაც შეწყდა.

  • სტატიის მთავარი ფოტო ამოღებულია BBC-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან.

ვინ არიან ისინი, ვინც სამოქალაქო გვარდიის შექმნით იმუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი