პროკურატურა ითხოვს დაუშვებლად იქნას ცნობილი, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იუსტიციის ექს–მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი, ასევე, თბილსის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი საბანაძის გამოკითხვის ოქმი და ვიდეო–ჩანაწერი.
“ადეიშვილი ძებნილია წითელი ცირკულარით. გაურკვეველია, როგორ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი [უგულავას] ადვოკატმა. გამოკითხვის ადგილად მითითებულია ქალაქი კესტელი, რომელიც მდებარეობს როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე, კანდაში და თურქეთში. ადვოკატის განმარტებით კი, ასეთი ქალაქი უნგრეთშიც მდებარეობს. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გადავამოწმოთ ნამდვილად შედგა თუ არა ასეთი გამოკითხვა. ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ ადეიშვილის ხელმოწერას გამოკითხვის ოქმზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ოქმზე არ არის მითითებული შედგენის დრო და ადგილი. მისამართად მითითებულია თბილისის დები იშხნელების ქუჩა. ყველამ ვიცით, რომ გამოკითხვა ამ ადგილზე ვერ მოხდებოდა”, – განაცხადა პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ.
უგულავას ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ზურაბ ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა იუსტიციის ექს–მინისტრის ჩვენების ასლი ქართულ მედიაში მაინც გავრცელდა. დოკუმენტი გაავრცელა კვირის პალიტრამ. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ადეიშვილი აცხადებს, რომ საბიუჯეტო სახსრების ნაცმოძრაობის ინტერესებისათვის გამოყენების გადაწყვეტილება მან მიიღო და არა გიგი უგულავამ:
“2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდებოდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის აქტუალობა. დაფინანსების საკითხზე ზრუნვა დავიწყე 2011 წლის მეორე ნახევრიდან. რამდენადაც თბილისი წარმოადგენდა საარჩევნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონს, თბილისის პარტიული ორგანიზაციის დაფინანსება მიმაჩნდა, პირველ რიგში, ამოცანად. გადავწყვიტე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის უბნის უფროსებისთვის და კოორდინატორების დაფინანსებისთვის გამოყენებული ყოფილიყო “თბილისის განვითარების ფონდის” სახსრები. 2011 წლის შემოდგომაზე (დიდი დროის გასვლის გამო ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ) შევხვდი “თბილისის განვითარების ფონდის” თავმჯდომარე გიორგი საბანაძეს, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. მას ვუთხარი, რომ “თბილისის განვითარების ფონდის” სახსრებიდან მოეხდინა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის დაფინანსება. ამასთან, გავაფრთხილე, რომ ამის შესახებ არავისთვის, მათ შორის არც თბილისის მერისთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიგი უგულავასთვისაც არ ეთქვა. მე გიორგი საბანაძისგან მივიღე თანხმობა და მან გამოთქვა მზადყოფნა ჩემი შეთავაზებისამებრ განეხორციელებინა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის დაფინანსება. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ამ თემაზე მე გიგი უგულავასთან არასოდეს არ მქონია საუბარი”, – კვირის პალიტრის ცნობით, აღნიშნულია ადეიშვილის გამოკითხვის ოქმში.
რაც შეეხება გიორგი საბანაძის გამოკითხვის ოქმს. პროკურატურა აცხადებს, რომ ვინაიდან ეს ოქმი შედგენილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ადვოკატის უფლებამოსილება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ ვრცელდება, ამიტომ ეს ოქმი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას: დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ დაუშვებლად იქნას ცნობილი უგულავას და მისი ქალიშვილის ფარული სატელეფონო საუბარი. როგორც ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, ამით ირღვევა არა მხოლოდ ბრალდებულის, არამედ ბავშვის უფლებებიც.
დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა ერთ–ერთი ბრალდებულის, ალექსი თაბუაშვილის დაკითხვის ოქმის დაუშვებლად ცნობა, რადგან, მათი განცხადებით, დაკითხვა მოხდა ადვოკატის დასწრების გარეშე. დაცვის მხარემ ასევევ მოითხოვა მოპოვებული სრული ოპერატიული მასალის დაუშვებლობა.
დღევანდელი პროცესი ამით დასრულდა. მომდევნო პროცესზე, რომელიც 2 აპრილს, 12 საათზე ჩაინიშნა, მხარეები წარმოდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ, შემდეგ კი მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებ–დაუშვებელობზე იმსჯელებს.
გიგი უგულავას პროკურატურამ 2013 წლის დეკემბერში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის განვითარების ფონდისთვის დედაქალაქის რეაბილიტაცია- განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე წაუყენა.