ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს არ ცნობს

16 მარტი, 2014 •
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს არ ცნობს

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც შედგა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა წარმოადგენს  როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს  უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზების მოძიების საკითხში”.–ნათქვამია განცხადებაში. 

 

რეფერენდუმის ფარგლებში 2 კითხვა იყო მოცემული– უნდა შეუერთდეს თუ არა ყირიმი რუსეთს და უნდა დაუბრუნოს თუ არა უკრაიანამ 1992 წლის კონსტიტუციით არსებული სტატუსი, რომელიც ბევრად მაღალი ხარისხის ავტონომიას გულისხმობს რეგიონისთვის. 

 

ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონოდ სცნობს დასავლური სამყარო. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ყველა ერს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეფერენდუმს უკანონოდ განიხილავს, უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააფიქსირა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი