“შეიძლება განხილვა” – კალაძე ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივაზე

“შეიძლება განხილვა ამ საკითხის და დაველოდოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას,” – ასე გამოეხმაურა კალაძე თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივას.

ინიციატივა საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ეკუთვნის.  ფრაქციის ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, ფრაქციამ შესაბამისი თხოვნით საკრებულოს თავმჯდომარესა და სხელდების კომისიას უკვე მიმართა.

“ჩვენი მოთხოვნაა, უმოკლეს დროში შეირჩეს ქუჩა, რომელსაც ჯონ მაკკეინის სახელი დაერქმევა. მაკკეინი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყო. ის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვფიქრობთ, ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ თბილისის საკრებულომ, პატივისცემის ნიშნად, ეს გადაწყვეტილება მიიღოს,” – უთხრა “ნეტგაზეთს”  გოკა გაბაშვილმა.

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

მაკკეინს ამერიკულ პოლიტიკაში თითქმის 40-წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი 6-ჯერ აირჩიეს არიზონას შტატის სენატორად, პირველად 1986 წელს, ხოლო ბოლოს – 2016 წელს. ომის ვეტერანი მაკკეინმა, რომელიც ვიეტნამის ომში მონაწილეობდა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ , 2000 და 2008 წლებში, მიიღო.

სენატორმა მაკკეინმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის გამოდიოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან