ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვს

30 აგვისტო, 2018 • 1588
“ევროპული საქართველო” თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვს

საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო” თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის. ფრაქციის ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, ფრაქციამ შესაბამისი თხოვნით საკრებულოს თავმჯდომარესა და სხელდების კომისიას უკვე მიმართა.

“ჩვენი მოთხოვნაა, უმოკლეს დროში შეირჩეს ქუჩა, რომელსაც ჯონ მაკკეინის სახელი დაერქმევა. მაკკეინი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყო. ის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვფიქრობთ, ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ თბილისის საკრებულომ, პატივისცემის ნიშნად, ეს გადაწყვეტილება მიიღოს,” – უთხრა “ნეტგაზეთს”  გოკა გაბაშვილმა.

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

მაკკეინს ამერიკულ პოლიტიკაში თითქმის 40-წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი 6-ჯერ აირჩიეს არიზონას შტატის სენატორად, პირველად 1986 წელს, ხოლო ბოლოს – 2016 წელს. ომის ვეტერანი მაკკეინმა, რომელიც ვიეტნამის ომში მონაწილეობდა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ , 2000 და 2008 წლებში, მიიღო.

სენატორმა მაკკეინმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის გამოდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი