ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა სოხუმის “საწყობში”

30 აგვისტო, 2018 • 2891
აფხაზი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა სოხუმის “საწყობში”

“საწყობი” [«Склад»] – ასე ჰქვია სოხუმის თითქმის ერთადერთ კულტურულ სივრცეს, სადაც აფხაზი ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაა შესაძლებელი.

ამჯერად “საწყობმა” მხატვრების – ადგურ ამპარის, ნიკოლ ბარციცის, მნა ჯენიას, ტატიანა ერგუნოვას, აპშა ხაგბას, იგორ პანჩენკოს და ამრა ჩიჩბას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ჯგუფ Colors of Nation-ის დახმარებით მოაწყო.

Colors of Nation-ის წევრის, ანა სავილოვას თქმით, გამოფენამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მისი დათვალიერების, ასევე – ნამუშევრების ყიდვის თვალსაზრისით.

“ადგილობრივები ძირითადად ყიდულობდნენ გრაფიკას, დამსვენებელებს კი აინტერესებთ ჩვენი ხელით ნამუშევარი მაისურები, ჩანთები, სათვალეები”.

“საწყობის” ადმინსტრატორმა დიმიტრი ბელიმ გამოფენას საცდელი უწოდა.

“აქ მუდმივი ექსპოზიცია უნდა იყოს პერიოდული გამოფენა და მუდმივად უნდა იმართებოდეს კულტურული ღონისძიებები”.

მისი თქმით, დღეს აფხაზეთში საზოგადოება ნაკლებად იცნობს თანამედროვე აფხაზ ხელოვანებს. ამიტომაც საჭიროა, მუდმივად იმართებოდეს მსგავსი ღონისძიებები.

ნიკოლ ბარციცი ერთ-ერთი ასეთი ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა მხატვარია. საკუთარ ნამუშევრებს სიურრეალისტურ ილუსტრაციებს უწოდებს.

იმისთვის, რომ ასეთი არსებები შექმნას, ზღვისქვეშა ცხოვრებას სწავლობს, თუმცა ის, რასაც ხატავს, ნამდვილს არ ჰგავს.

“ისინი ჩემი საკუთარი სამყაროდან არიან”, – ამბობს ნიკოლი.

გარდა ამისა, ნიკოლი სამკაულებსაც ქმნის. დეტალებს ძირითადად ზღვის მიერ პლიაჟზე გამორიყულ ნივთებისგან ქმნის.

“მივდივარ სანაპიროზე და უკვე ვხედავ მომავალ ბეჭდებს და გულსაბნევებს”, – ამბობს ნიკოლი.

ნიკოლმა უნივერსიტეტი ორი წილს წინ დაამთავრა. დღეს მისი ძირითადი საქმიანობა გრაფიკის და სამკაულების შექმნაა. ყველაზე დიდი თანხა, რომელიც საკუთარი ნაშრომისთვის მიიღო, 20 000 რუბლი [დაახლოებით, 300 აშშ დოლარი] იყო.

ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად გამოფენაზე მონაწილეობს აფხაზეთში ცნობილი მხატვარი იგორ პანჩენკოც. გამოფენაზე მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი – პორტრეტი გამოფინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი