პრეზიდენტის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და მის უზრუნველყოფა ყველა მხარის ვალდებულებაა:
„დეტალურად გავეცანი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გამოც მათ ეს მოძრაობა წამოიწყეს. ჩვენ რამდენიმე საკითხზე შევთანხმდით. უპირველესად, გასათვალისწინებელია ორი რამ – სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას წესრიგი და ადამიანის თავისუფლებისა და ყოველი ინდივიდის უფლებათა გარანტია. ამ ორ საკითხს შორის ბალანსი არის ის სახელმწიფოებრივი ბალანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიხატოს კანონით. ეს იყო ღირებულებითი ნაწილი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ბალანსის მიღწევა მხოლოდ დიალოგის შედეგად არის შესაძლებელი და მოვუწოდებ ყველა მხარეს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ დიალოგში. ბუნებრივია, ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს ის სულისკვეთება, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა. 2012 წლის 1 ოქტომბერს აღდგა ნდობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და მთავრობა აღარ აღიქმება ადამიანის უფლებათა დამრღვევად. მჯერა, რომ ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩაებმება დიალოგში და საბოლოოდ სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამის კანონს მივიღებთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში მარგველაშვილის ინიციატივით გაიმართა:
“ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, პრეზიდენტმა ძალიან კონკრეტული შეკითხვები დაგვისვა. ძალიან კონკრეტული ინფორმაციები მიიღო და, მე ვფოქრობ, მისი ამ პროცესში ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს”, – აცხადებს კოჟორიძე.
“თუ პრეზიდენტი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, მიიღებს მონაწილეობას, ეს კარგი იქნება, მით უფრო, რომ ის არის გარანტი ადამიანის უფლებების დაცვის ქვეყანაში და მასაც ეხება ეს საკითხი”, – განაცხადა გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რეადქტორმა ლაშა ტუღუშმა, რომელიც პარლამენტში შესული საკანონმდებლო ინიციატივის ერთ–ერთი ავტორია.
“მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ პროცესები უფრო აქტიურ რეჟიმში გადავა. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ განხილვები უფრო ინტენსიურად წარიმართოს პარლამენტში და მან ასევე განაცხადა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად შეეცდება თვალი მიადევნოს ამ პროცესს და ჩვენ შეგვეძლება მუდმივად ვიყოთ მის ადმინისტრაციასთან კავშირში”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
დღეს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ლიბერალური აკადემია – თბილისი, ჟურნალისტური ეთიკის ქარია, ფონდი – ღია საზოგადოება საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.