ლომჯარია: კაშიამ თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიასთვის უეფას მიერ დაწესებული თანასწორობის ჯილდოს გადაცემის ფაქტს და  თანასწორობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის საერთაშორისო აღიარებას ულოცავს.

“სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და წინასწარი განწყობებია. აღნიშნულს ადასტურებს გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების ცალკეული ჯგუფების აგრესია, რომლის მიზეზი მის მიერ თანასწორობის იდეის ღიად მხარდაჭერა გახდა,” – ამბობს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გურამ კაშიას ქმედებამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს ერთმა სიმბოლურმა ჟესტმა ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერის და თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ეროვნული ნაკრების წევრობა დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა.

სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და წარმატებებს უსურვებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს. ომბუდსმენის განცხადებას თან ახლავს გურამ კაშიას მხარდამჭერი და თანასწორი თამაშის ჰეშთეგები: #გურამშენთანვართ, #EqualGame.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.