“პირად მობილურ ტელეფონზე განხორციელდა ზარი, მითხრა, რომ ვარ ვინმე დავით ძნელაძე პროკურატურიდან და გიბარებთ #1008506 საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ვიკითხე, რა საქმე იყო, მითხრა, რომ როცა აქ მობრძანდებით, გაიგებთ. მე ვამბობდი და ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, რაც გამოძიებას აინტერესებს”, – განაცხადა დონაძემ.
ადვოკატ რომეო საჯაიას ინფორმაციით, უკვე დაკავებული არიან მეგის ქარდავას ძმა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი, რომელიც ე.წ. “ნავთლუღის” სპეცოპერაციის საქმეში ერთ-ერთი მოწმეა, რომელშიც ბრალდებულია დათა ახალაია. ორივე მათგანი პროკურატურაში დღეს დაიბარეს:
“ეს ადამიანები გაიტაცეს დღეს ყაჩაღურად, თუმცა პროკურატურამ გააფორმა ოქმი, თითქოსდა აქ მოხდა მათი დაბარება უწყებით და აქ დააკავეს, ოქმი ასე იქნა შედგენილი, რაც არის ყალბი დოკუმენტი. ეს ადამიანები ქალაქში აიყვანეს მათი ახლობლების თვალწინ, ერთ–ერთი მათგანი, გოჩა სულუხია დაკარგულია, არ მანახეს, ასევე დაკარგულია მანქანა, რომელიც წაიყვანეს”, – აცხადებს რომეო საჯაია.
დღეს, 18:00 საათზე, სავარაუდოდ, ამ საკითხზე პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგია დაგეგმილი.