“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განაგრძობს საქმიანობას აფხაზეთში და მიზნად ისახავს, უპასუხოს ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე საჭიროებებს. ჩვენი დახმარება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენა, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია, ჯანდაცვის პროგრამები, ვაქცინაცია, აივ/შიდსის პრევენცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა. გაეროს დახმარება ხორციელდება ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეთანხმებით. 2014 წელს დაგეგმილი საქმიანობა ეყრდნობა წინა წლების ძალისხმევას და სრულად შეესაბამება გაეროსა და საქართველოს თანამშრომლობის დოკუმენტს – გაეროს გეგმას განვითარების ხელშეწყობისათვის (UNDAF),”- წერია ნილ სკოტის განცხადებაში.
“აპსნიპრესის” ინფორმაციით, საქართველოში გაეროს წარმომადგენელმა, ნილ სკოტმა სოხუმში ვიტიზის ფარგლებში დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ 2014 წელს გაერო მზადაა აფხაზეთში 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით პროექტები დააფინანსოს. მისივე თქმით, შესაძლოა, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამის საჭიროებაში დონორებს დაარწმუნებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძისა და პაატა ზაქარეიშვილის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ასეთი პროექტების განხორციელება პირველად არ ხდება და მათი მიმდინარეობის შესახებ მთავრობას ინფორმაცია მუდმივად აქვს.