ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მერად არჩევის შემდეგ ნარმანიამ პირველ რიგში გზებს უნდა მიხედოს

13 მარტი, 2014 •
ღარიბაშვილი: მერად არჩევის შემდეგ ნარმანიამ პირველ რიგში გზებს უნდა მიხედოს

„მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიას თბილისის მერად ავირჩევთ, პირველი დავალება, რასაც მას თბილისელები მისცემენ, გზების დაუყოვნებლივ შეკეთების დაწყება იქნება. როგორც გავიგე, მთელი წლის განმავლობაში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. ეს ალბათ შეგნებულად ხდება. სამწუხაროა, რომ მთელი წლის განმავლობაში თბილისის მერია ამას არ აკეთებდა, რაც პირდაპირ საბოტაჟია. ეს დღესაც გრძელდება, ასე რომ, ბატონო დავით, ბევრი საქმე გექნებათ“, – მიმართა პრემიერმა დავით ნარმანიას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რაზეც ნარმანიამ განაცხადა:

 

“მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ ემუშავათ, მხოლოდ ახლა, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დაიწყეს მუშაობა, გასულ წელს მხოლოდ ძალიან მცირე მიმდინარე შეკეთება გააკეთეს”

 

თბილისის მერიის ინფორმაციით კი, ამჟამად ქალაქის ათივე რაიონში გზის საფარის აღმდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაიჭრება.

 

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს ლილოში მდებარე ასფალტის ქარხანა დაათვალიერა და შემდეგ კობარეთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.


მერიის ინფორმაციით, ქალაქში ზამთრის შემდეგ, ძლიერი ყინვებისა და ნალექების შედეგად, საკმაოდ ბევრ ადგილას წარმოიშვა გზის დაზიანებული ზედაპირის პრობლემა და გაჩნდა ორმოები.

 

“პრობლემის მოგვარების მიზნით თბილისის მერიამ ქალაქის მასშტაბით უკვე დაასრულა ხელშეკრულებების გაფორმება იმ კომპანიებთან, რომლებმაც უნდა განახორციელონ შესაბამისი სამუშაოები”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი