ახალი ამბები

კვირიკაშვილი არ პასუხობს შეკითხვას – მისაღებია თუ არა ფოთის ნავთობტერმინალის “როსნეფტისთვის” მიყიდვა

12 მარტი, 2014 •
კვირიკაშვილი არ პასუხობს შეკითხვას – მისაღებია თუ არა ფოთის ნავთობტერმინალის “როსნეფტისთვის” მიყიდვა

“ჩვენ არ ვართ ჩართული ამ მოლაპარაკებებში და ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით”, – ასე უპასუხა კვირიკაშვილმა დღეს, 12 მარტს “ნეტგაზეთის” მიერ დასმულ კითხვას ფოთის პორტის ნავთობტერმინალის აქციების საკონტროლო პაკეტის შესაძლო გაყიდვის შესახებ.

რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია როსნეფტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. 2013 წელს ბაქოში ვლადიმირ პუტინს ვიზიტისას კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფრომა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკართან, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს. გარდა ამისა, ამერიკის ხმის ინფორმაციით, როსნეფტი აფხაზური მხარისაგან 2009 წელს მიღებული ნებართვის საფუძველზე შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთზეც საქმიანობს.

“როსნეფტის” პრესსამსახურში არც უარყვეს და არც დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანია ფოთის პორტის ნავთობტერმინალის წილების შესაძენად “ჩენელენერჯი ლიმიტედთან” მოლაპარაკებებს მართავს კვიპროსში. ფოთის პორტის კომერციულმა დირექტორმა, ჯოზეფ ქროულიმ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ იგი ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის, ხოლო “ჩენელენერჯის” მფლობელმა რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას შესაბამის შეკითხვას არ უპასუხა. მოგვიანებით, “როსნეფტის” ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხეილ ლეონტიევმა სააგენტო ინტერპრესნიუსს ზემოხსენებული ნავთობტერმინალით დაინტერესების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა “ჩენელენერჯი ლიმიტედთან” მოლაპარაკება უარყო.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი დღეს არ უპასუხა “ნეტგაზეთის” შეკითხვას, მიაჩნია თუ არა მას მისაღებად დღევანდელ მოცემულობაში ფოთის ნავთობტერმინალის რუსეთის სახელმწიფო კომპანიისათვის მიყიდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი