ახალი ამბები

გიგი უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიწყო

12 მარტი, 2014 •
გიგი უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიწყო

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 საათზე დაიწყო. 

 

“ეს საქმეები თავიდანვე ხელოვნურად გაიყო. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა საქმეების გაერთიანების თაობაზე. როგორც გავიგეთ, პროკურატურამ მიიღო საქმეების გაერთიანების გადაწყვეტილება და პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. როგორც გიგი უგულავას საქმეზე, ასევე, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების- დავით ავალიანის, დიმიტრი ჩხეიძის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის და გიორგი საბანაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება”,- განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა. 

 

თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 27 ივნისს დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. გიორგი საბანაძე კი ძებნაშია.

 

გამოძიება მათ საბიუჯეტო სახსრების, 48 930 822 ლარის გაფლანგვას ედავება. მათ გარდა, ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და  მესამე ნაწილით წაყენებული აქვს თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს, რომელიც მიმალვაშია და დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.

 

ბრალდებულები 2013 წლის 27 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

აღნიშნული პირები 27 ივნისს, როდესაც საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, თბილისის მერიის და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელთან ერთად დააკავეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა დღის ბოლოს ისინი ისევ დააკავეს და ბრალი წარუდგინეს, რის შემდეგაც რუსთავის სასამართლომ მათი დაკავების დროს პროცედურული დარღვევები დაადასტურა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი