ახალი ამბები

რის დაფინანსებას გეგმავს ილია მეორის ფონდი სკოლებში დავით იაკობაშვილის მხარდაჭერით

11 მარტი, 2014 •
რის დაფინანსებას გეგმავს ილია მეორის ფონდი სკოლებში დავით იაკობაშვილის მხარდაჭერით

ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ფონდს 350 ათასი ლარი შესწირა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა და ეს თანხა სწორედ საგრანტო პროექტებზე გაიხარჯება.

 

ილია მეორის ფონდის განცხადებით, სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ–ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს წიგნიერების დონის ამაღლებას და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებებით: აგრარული აგროინჟინერია, საღვთისმეტყველო თარგმანები,  ბავშვებში წიგნიერებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა. გარდა ამისა, ფონდი ერთი წლით დააფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ იმ მაგისტრანტებისა და დოქტურანტების სწავლას, რომლებიც აგრარულ ფაკულტეტებზე სწავლობენ.

რაც შეეხება მოზარდებში ანალიტიკური აზროვნების განვითარების თემას, ლაშა ჟვანია ამბობს:

“თქვენ ხშირად გსმენიათ მისი უწმინდესობისაგან მოწოდება იმის შესახებ, რომ ანალიტიკური აზროვნების განვითარებას ყურადღება უნდა მივაქციოთ ზოგადად ინდივიდში და განსაკუთრებით მოზარდებში. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარების სახელმძღვანელოს შექმნის მიზნით, უფრო სწორად, სახელმძღვანელო პროგრამის შექმნის მიზნით გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს დღეიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ანუ 11 აპრილამდე, კათოლიკოს–პატრიარქის ფონდში. ეს პროექტი ეხება ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას მოზარდებში, ანუ დაწყებით კლასებში და შემდეგ ახალგაზრდებში, რომ დასაწყისისთვის სასწავლო პროგრამა შეიქმნას. შესაბამისი სახელმძღვანელოს გაცილებით მეტი დრო უნდა და სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბების კვალდაკავლ, შემდეგ უკვე მეორე ეტაპი იქნება სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით და რაღაც გარკვეული კონკურსი გამოცხადდება. პირველ რიგში, აქ საუბარია ბავშვებისთვის ლიტერატურის, წიგნის შეყვარებაზე განსაკუთრებით რეგიონებში. ასევე გათვალისიწნებული იქნება პედაგოგების ე.წ. ტრენინგები, რომლებსაც მუდმივი კავშირი უწევთ მოზარდებათან. ანალიტიკურ აზროვნებასთან დაკავშირებით სულ გამოყოფილი იქნება 60 ათასი ლარი. შეიძლება რამდენიმე პროექტი იქნეს მოწონებული და ეს თანხა გადანაწილდება”, – აცხადებს ჟვანია.

ნეტგაზეთის კითხვას, როდესაც ეკლესიის ლიდერი გამოდის მოზარდებში კრიტიკული აზროვნების ამაღლების პროექტის ინიციატივით, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ახალგაზრდების აზროვნებაში გარკვეული რელიგიური დოგმების ინტეგრირების მცდელობასთან გვაქვს საქმე, ჟვანია ასე პასუხობს:

 

“ეს ფონდი არის საერო დაწესებულება. ეკლესიასთან კავშირი მას იმდენად აქვს, რამდენადაც პატრიარქი არის როგორც ფონდის თავმჯდომარე, ისე ეკლესიის საჭეთმპყრობელი… დანარჩენი ჩვენ ღია ვართ და ჩვენთან მიდის პროექტები, სადაც მონაწილეობას იღებენ, როგორც მუსლიმები, ისე სომხები, ისე ებრაელები და ასე შემდეგ – სხვადასხვა ეროვნების და რელიგიური მრწამსის ადამიანები. ეს არის თავიდან ბოლომდე საერო პროექტი, სეკულარული… მე მაგილათად გეტყვით, რომ ფონდის ერთ–ერთი პროექტია სააღდგომო ფესტივალი. ის ეკლესიასთან მიბმულია იმდენად, რამდენადაც აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში იწყება, მაგრამ აქ მონაიწლეობას იღებს აბსოლუტურად სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანი. აქ შეზღუდვა არაა. კათოლიკოს–პატრიარქის მხრიდან ფონდი სწორედ მაგიტომ ჩამოყალიბდა და გატანილ იქნა საპატრიარქოს სტრუქტურიდან, რომ საშუალება ჰქონოდა საქართველში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მონაწილეობის მიღების. ფონდის მმართველი საბჭო აბსოლუტურად სეკულარულია, ესენი არიან ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, სანდო ადამიანები არიან იმ მხრივ, რომ მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია მისი უწმინდესობისთვის. უწმინდესი უსმენს საბჭოს და არა პირიქით. არ მინდა, ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს არის უბრალო ფორმალობა, საბჭოს ბოლო სხდომამ, მაგალითად, 3 საათს გასტანა და ამ კამათის და მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდა იმ პროექტების მიმართულებები, რაც გამოცხადდა”.

ილია მეორის ფონდის მმართველ საბჭოში, რომელზეც ჟვანია საუბრობს, 12 ადამიანი შედის: მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გიორგი ანდრიაძე, თამაზ გამყრელიძე , ნონა გაფრინდაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, რუსუდან ლორთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლადო პაპავა, გიორგი კვესიტაძე, არჩილ ფრანგიშვილი.

ნეტგაზეთის შეკითხვას, რისთვის ცხადდება ეს პროექტი, არსებობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკება განათლების სამინისტროსთან, რომ დამტკიცებული პროექტების ინტეგრირება მოხდეს ზოგადი განათლების სისტემაში, ჟვანია პასუხობს, რომ ილია მეორესა და განათლების მინისტრს შორის საუბარი უკვე შედგა. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა მას რაიმე სახის წინასწარი თანხმობა მიღებული განათლების უწყებისაგან, ჟვანია ამბობს:

“მის უწმინდესობას საუბარი ჰქონდა და რაზე შეიძლება იყოს თანხმობა, თუ ჯერ პროექტი არ დევს?! ჩვენ მეცნიერებს ვაძლევთ საშუალებას, რომ პროექტი წარმოადგინონ. არასასულიერო პირები წყვეტენ ამა თუ იმ პროექტის  დაფინანსებას. თუ პატრიარქს და ეკლესიას სურვილი ექნებოდა, რომ რელიგიასთან კავშირიში მყოფი [პროექტები] დაეფინანსებინა, მაშინ ამას ძალიან მარტივად გააკთებდა და მის უწმინდესობას ვერავინ დაუშლიდა, რომ გამოეცხადებინა, მაგალითად, მოზარდებში სულიერების განვითარების პროგრამა, მაგრამ არა: აქ საუაბრია კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების პროგრამებზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, თუ ეს იქნება კარგი, აუცილებელბად მიენიჭება პრიორიტეტი უცხოეთში უკვე არსებულ და დამკვიდრებულ შესაბამის პროგრამებს, რომლებმაც თავი დადებითად წარმოაჩინეს. მეტსაც გეტყვით, მაგალითად, ძალიან ხშირად მისი უწმინდესობა მრევლს მოუწოდებს ხოლმე, რომ სხვადასხვა ფსქოლოგისა თუ ფილოსოფოსის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები დაამკვიდრონ ცხოვრების წესად. მიტევება არის ეკლესიის სულიერი ცხოვრების ღერძი. მამაო ჩვენო, სწორედ ამაზეა აგებული: მაპატიე მე ჩემი შეცოდებები, როგორც მე სხვებს ვპატიობ. ესაა ქრისტიანობის ღერძი, ესაა ლოცვა, რომელიც თავად მაცხოვარმა დაუტოვა ქრისტიანებს. მის უწმინდესობას შეხვედრა ჰქონდა აშშ–ის პერპენდაილის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, სადაც საუბარი იყო მოზარდებში პატიების ინსტიტუტის დანერგვაზე. მაგალითად, აშშ–ში და ბრიტანეთში არის სასწავლო დაწესებულბები, სადაც თუ მოზარდები იჩხუბებენ, მასწავლებლები ცდილობენ, რომ შეარიგონ. ანუ იყოს რაღაც მედიაცია, რომ ბავშვებმა შეძლონ პატიება ერთმანეთისთვის და ისე გაუშვან სახლში. თუ ამაში ვინმე ცდილობს დაინახოს, რომ კათოლიკოს–პატრიარქი ცდილობს, რომ რელიგიური რაღაც ჩადოს ამაში… კი, ქრისტიანობის ღერძი არის პატიება, მათ შორის მტრების პატიება და თუ ბრიტანეთსა და ამერიკაში დაინერგა ისეთი მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც ბავშვები პატიობენ ერთმანეთს და შუღლი აღარ ექნებათ, ამაში ცუდი არაფერი არ არის”, – აცხადებს ჟვანია.

 

რაც შეეხება სხვა საგრანტო კონკურსებს, ჟვანიას თქმით, ფონდი დაინტერესებულია აგროინჟინერიასა და აგრომეცნიერებებში თანამედორვე ტექნოლოგიების დაფუძნება–დამკვიდრების კუთხით და ამიტომ აცხადებს კონკურსს:

 

“აქ არის საუბარი მეცნიერებზე და რომელთაც პროგრამები თანამედორვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დამკვიდრების კუთხით. საუბარია 6–თვიანი პროგრამებზე, 25 ათასი ლარის ღირებულების”.

გარდა ამისა ფონდი 1 წლით დააფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ 8 მაგისტრანტს და დოქტორანტს, რომლებიც სასოფლი–სამეურნეო მიმართულებით სწავლობენ. ასევე დააფინანსებს სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ სტუდენტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი