“როგორც იცით, ბატონი ლევანი მუშაობს იმისთვის, რომ ერის ფიზიკური გადარჩენა აღარ იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,”- ასე წარადგინა ლევან ვასაძე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის წარმომადგენელმა, თამარ ჩიბურდანიძემ შეხვედრის დროს.
ვასაძის თქმით, საკრებულოს წევრებს ფონდის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, პროექტებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს გააცნობენ და ერთად გააანალიზებენ, რისი გაკეთება შეიძლება მომავალში წარმოდგენილი პრობლემის დასაძლევად.
შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ვასაძის თხოვნით შეხვედრა მედიისთვის დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვასაძემ იმით ახსნა, რომ შეხვედრა სამუშაო იყო და ასეთი სახით უფრო კომფორტულად წარიმართებოდა ის.
შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის კომენტარები საკრებულოს წევრმა, გულიკო ზუმბაძემ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის წარმომადგენლებმა, თამარ ჩიბურდანიძემ და ლევან ვასაძემ გააკეთეს.
კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის კუთხით, მედიასთან არ უსაუბრიათ. მათი განმარტებით, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ განმარტებებს.
“კატასტროფული ვითარებაა აბორტების თვალსაზრისით. ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წელს ქვეყანაში 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა. შობადობა ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის დროს უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მისივე განმარტებით, დემოგრაფიული საკითხების განხილვის მიზნით, დღესვე შეხვედრა გამართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. ასევე ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე ჯგუფი უკვე შექმნა და მას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.