“მე მიხარია, რომ ამ ჯგუფმა, რომელიც თავიდან საუბრობდა მხეცზე, საუბრობდა ეშმაკზე, საუბრობდა ექვსიანებზე და ა.შ. დახვეწა თავისი მესიჯი და გაიაზრა ის, რომ პირადობაში, რომელიც ელექტრონული გაუყალბებელი და უსაფრთხო დოკუმენტია და საამაყო დოკუმენტია, რადგან საქართველოს მოქალაქეობა არის საამაყო, არ ზის არავინ და არაფერი, ამას დღეს, მგონი, მხოლოდ გედი ფოფხაძე არ ეთანხმება, დანარჩენი ყველა შევთანხმდით, რომ ბარათში არ ზის არავინ”, – განაცხადა წულუკიანმა. მინისტრმა იხუმრა, რომ გედევან ფოფხაძის ექვსეულს შეკითხვით უნდა მიმართოს, თუ რა ზის აიდი ბარათში.
წულუკიანის თქმით, მოქალაქის უფლებაა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ როგორი იქნება ეს მოწმობა, ამას წყვეტს სახელმწიფო:
“ის საზოგადოება, სადაც თავად მოქალაქეები ან მოქალაქეების ჯგუფი წყვეტს, რას უნდა ემსგავსოს ისეთი დოკუმენტი, როგორიც არის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მგონი, სუსტი ქვეყნის და სუსტი სახელმწიფოს ნიშანია. სახელმწიფო წყვეტს, რომ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ დასავლეთის ტიპის სახელმწიფო, პირადობა არ უნდა იყოს ქაღალდის ნაგლეჯი, თუნდაც ლამინირებული. ეს უნდა იყოს გაუყალბებელი დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს”, – განაცხადა მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, უსაფრთხო პირადობის მოწმობების ქონა აუცილებელია ვიზალიბერალიზაციისთვის:
“საერთაშორისო სტანდარტებს თუ ჩვენი დოკუმენტები ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ ელექტრონული პირადობის მოწმობა ვერ იქნება სამგზავრო დოკუმენტი, ჩვენი მიზანია, რომ როდესაც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირთან ჩვენ გავხსნით საზღვრებს, საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში წასასვლელად აღარ დასჭირდეთ ვიზა, მათ შორის ჩვენს აფხაზ ძმებს, რომლებსაც შეეძლებათ საქართველოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თბილისში ჩასხდნენ თვითმფრინავში და უვიზოდ ჩვენთან ერთად გაემგზავრონ, მაგალითად, ფლორენციაში. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პირადობის მოწმობა, რომელიც იქნება სამგზავრო დოკუმენტი. პასპორტიც, რომელიც არის გაცილებით ძვირადღირებული, აღარ იქნება საჭირო”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ის ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსულებს ესაუბრა:
“მე მქონდა სულ ახლახან შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსულებთან, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, მათმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათ უკვე აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობა ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს. ზოგიერთ ქვეყანას სკანდინავიის აქვს ორჩიპიანი, და პირველი ქვეყანა, რომელმაც 1999 წელს შეიტანა თავისთან ჩიპიანი, ზუსტად ისეთი პირადობის მოწმობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ფინეთი. ამ მხრივ დაწინაურებულია შვედეთი და 2010–11 წლებში იგივე გააკეთა გერმანიამ. არიან ქვეყნები, რომლებიც ტექნოლოგიურად საქართველოს ჩამორჩებიან, მაგალითად, ჰოლანდია, საფრანგეთი, თუმცა ისინი დღე–დღეზე აპირებენ ეს გააკეთონ, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებული აქვთ და მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით მსჯელობა როგორ გაკეთდეს ეს”, – განაცხადა წულუკიანმა.