“როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად 2 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგად პარლამენტმა შეძლო მხოლოდ 4 წევრის არჩევა 9 ვაკანტურ თანამდებობაზე.


 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად, დღეს გამოცხადდა კონკურსი სამეურვეო საბჭოს დარჩენილი 5 წევრის შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მათ შორის მათაც, ვინც წინა კონკურსში მონაწილეობდა, განცხადებები უნდა წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე არაუგვიანეს 2014 წლის 26 მარტის 18:00 საათისა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პარლამენტის ვებ-გვერდიდან.

 

წინა კონკურსის ბოლოს გაჩენილ ზოგიერთ უსაფუძვლო კითხვასა და ეჭვზე მკაფიო და ცალსახა პასუხის გაცემის მიზნით, გადავწყვიტე, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარვუდგინო საკონკურსო კომისია იმავე 9 წევრის შემადგენლობით, რომლებმაც წინა კონკურსის დროს შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს მეურვეობის კანდიდატები.  

 

კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მე მქონდა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სახალხო დამცველთან, საპარლამენტო უმცირესობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან, რომლებმაც სრულად გაიზიარეს აღნიშნული პოზიცია. სასიამოვნოა, რომ წინა საკონკურსო კომისიის ცხრავე წევრი ასევე გაგებით შეხვდა ჩვენს მოსაზრებებს და არგუმენტებს და, მიუხედავად ამ საკითხზე ადრე გამოთქმული შეხედულებებისა, მათ თანხმობა განაცხადეს პარლამენტის მიერ ხელახლა შესაქმნელი საკონკურსო კომისიის წევრობაზე.  

 

დარწმუნებული ვარ, ამჯერად ყველა გავითვალისწინებთ კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას და წარმატებით დავასრულებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებას”, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში. 

 

მიმდინარე წლის 19 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის დათხოვნასა და ახალი ბორდის არჩევას ითვალისწინებს. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიისა და სამართლებრივი ცენტრის წარმომადგენელი ეკა ციმაკურიძე განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ძველი წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მუხლი, ამიტომ ახალი წევრების არჩევას და კონკურსის გამოცხადებას ეს გადაწყვეტილება ფორმალურად ხელს არ უშლის:


“შეჩერებულია კონკრეტული მუხლის კონკრეტული პუნქტი. ამდენად, შეიძლება გამოცხადდეს, გაიმართება ეს კონკურსი და შეიძლება შეარჩიონ კიდეც წევრები, მაგრამ სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მანამდე ამ ახალი წევრების უფლებამოსილება ვერ დაიწყება”, – აცხადებს ეკა ციმაკურიძე. მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, არსებულ 7 წევრს უფლებამოსილება არ შეუწყდება და ისინი თანამდებობას მაშინ დატოვებენ, როდესაც მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოიწურება, ხოლო დანარჩენი წევრები თანამდებობაზე ჩვეულებრივად შეუდგებიან მუშაობას.



საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი „დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელეები საზოგადოებრი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები არიან, რომლებიც საქართველოს პარლამენტს უჩივიან. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესის საფუძველზე დაკომპლექტება იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *