“კანონპროექტი, თქვენ იცით, რომ დიდი ხანია არის მზად, ნიუანსების და დეტალების დონეზეც, უბრალოდ, ამ ეტაპზე არსებობს სერიოზული კითხვის ნიშანი, რას მოუტანს ეს საქართველოს ბიუჯეტს, ამიტომ, რაც არ უნდა თითოეულ დებულებას მთავრობის წევრები იზიარებდნენ, მატერიალური შედეგები ბადებს დიდი კითხვის ნიშანს, რა მოხდება, თუკი ყველა პირი მოინდომებს სამოქალაქო წესით ედაოს სახელმწიფოს.
მე მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ახალგაზრდა წინასაარჩევნოდ ქუთაისში დააკავეს, მაშინ მე “ოცნებამ” მის დასაცავად მიმავლინა და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული. როდესაც არჩევნებმა მოუსწო, ის ჯერ კიდევ ციხეში იყო და როდესაც მე დავინიშნე მინისტრად, კბილაშვილთან ერთად შევთანხმდით, რომ პროკურატურას ამ ადამიანისთვის ბრალი მოეხსნა, რადგან პროკურორი ვერ ასაბუთებდა ბრალს. როგორც კი პროკურორმა მოხსნა ბრალი, ამ ადამიანმა ჩემ წინააღმდეგ სასამართლოში მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. მას ჰქონდა ამის უფლება, ზოგიერთი მის ადგილზე მოიქცეოდა სხვანაირად, თუმცა ადამიანები არიან სხვადასხვანაირი. რისი თქმა მინდა ამით, ადამიანებს სხვადასხვა რეაქციები აქვთ, ამის გათვლა მთავრობისთვის – ვინ რას მოიმოქმედებს, არის ურთულესი. როგორც კი იქნება ეკონომიკური აღმავლობა, მაშინ, მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მთავრობა ამ კანონპროექტს, რომელიც არსად არ წასულა, მიიღებს”, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება ხარვეზების დამდგენი კომისიის ალტერნატიულ ვერსიას, მინისტრის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მსგავსი პროექტი შეიმუშავა:
“სხვა პროექტი ომბუდსმენის აპარატში შემუშავდა, თუმცა, რამდენადაც მე გავეცანი, ეს არის სქემატური ტექსტი და სამართლებრივი დახვეწილობით ახლოსაც ვერ მივა იმ კანონპროექტთან, რაც ჩვენ შევიმუშავეთ”, – განაცხადა მინისტრმა.





