ახალი ამბები

პროკურატურა: პროკურორმა მოქალაქე ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო

27 აგვისტო, 2018 • 1804
პროკურატურა: პროკურორმა მოქალაქე ფიზიკურად და  სიტყვიერად შეურაცხყო

ქალაქ წყალტუბოში პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენა. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა იუწყება.

უწყების ცნობით, ინციდენტი მიმდინარე წლის 24 აგვისტოს მოხდა. გამოძიების მიხედვით, გარდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ინციდენტის დროს პროკურორმა  რამდენჯერმე უმისამართოდაც გაისროლა. მომხდარის შედეგად დაზარალებულმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, მიიღო თუ არა მოქალაქემ დაზიანებები უშუალოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, თმცა პროკურატურაში საქმის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

მომხდარზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს, რომლის დასრულებამდეც პროკურორი თანამდებობიდან გადაყენებულია. პარალელურად, მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმებაც პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის შესაძლო ჩადენაზე. დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, მომხდარს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი