იანუკოვიჩის თქმით, უკრაინას “ნაციონალისტების ბანდა” მართავს.
“დაბრმავდით? მეხსიერება დაკარგეთ? დაგავიწყდათ, რა არის ფაშიზმი?” – ამ სიტყვებით მიმართა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროპელ ლიდერებს, რომლებსაც მან “ბნელი ძალების მფარველი” უწოდა.
მისი თქმით, ის რჩება უკრაინის პრეზიდენტად: “მე ცოცხალი ვარ”, – აცხადებს იანუკოვიჩი – “მე არსად არ გავქცეულვარ… მე აუცილებლად დავბრუნდები კიევში”.
მისივე განცხადებით, აშშ-ს სურს “ბანდიტურ რეჟიმს” გამოუყოს 1 მილიარდი აშშ დოლარი – “მე მივმართავ აშშ-ის კონგრესს და სენატს – თქვენ არ გაქვთ ბანდიტებისთვის ფულის გამოყოფის უფლება,” – განცხადა იანუკოვიჩმა.
იანუკოვიჩის განცხადებით, 25 მაისისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში არალეგიტიმური და უკანონოა.
ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა, ის მხოლოდ განცხადების გაკეთებით შემოიფარგლა.
შეგახსენებთ, რომ ვითარება უკრაინაში კვლავ დაძაბული რჩება.
“გსურთ თუ არა ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინტეგრირება” – ასეთ შეკითხვას დაუსვამენ უკრაინის მოქალაქეებს ყირიმში რეფერენდუმზე, რომელიც 16 მარტს უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ, 21 მარტს რუსეთის დუმა განიხილავს ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხს.
კანონპროექტი, რომელიც 21 მარტს განიხილება რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ორგანოში, განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების მიერთების წესებს.
უკრაინაში სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ევროინტეგრაციის მომხრეების მიტინგები ევრომადანზე, რაც საბოლოოდ ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა და რასაც მოჰყვა მსხვერპლი. საბოლოოდ, ხელისუფლების სათავეში ოპოზიცია მოვიდა, 22 თებერვალს კი უკრაინის რადამ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენა ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც დღემდე რუსეთს აფარებს თავს. ამის შემდეგ იანუკოვიჩმა თავისი პირველი პრესკონფერენცია როსტოვში 28 თებერვალს გამართა, ის თავს ისევ უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს. უკრაინაში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი გულის შეტევით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც გადიოდა მკურნალობის კურსს. გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ იანუკოვიჩი გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ დაადასტურა.





