ახალაიას ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გუშინ, 10 მარტს მიიღო პროკურატურამ.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ვერ დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მას გადაამოწმებენ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კუდ–ის ყოფილ უფროსს, დათა ახალიას და კიდევ ორ პირს ბრალი 2013 წლის 1 ივლისს წაუყენა.
ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის განმარტებით, დღესდღეობით ბრალი ამ კონკრეტული მუხლით – წამების ორგანიზება – მხოლოდ დათა ახალაიას ჰქონდა წაყენებული.
რაც შეეხება სხვა მუხლებს, რომლითაც დავით ახალაიას ბრალი ედება ამ კონკრეტულ საქმეზე, ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილი (თანამდებობის ბოროტად გამოყენება).