სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა “კლივლენდ კავალერსის” მწვრთნელს თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეუთანხმდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2014 და 2015 წლების მატჩებში უხელმძღვანელებს.
“ჩვენს ეროვნულ გუნდს მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპის ჩემპიონატის შეარჩევ ტურნირში მოუწევს ასპარეზობა ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან. წარმატების შემთხვევაში საქართველო ზედიზედ მესამედ გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 2015 წელს უკრაინა უმასპინძლებს
კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, როცა ის ევროპის B დივიზიონში ასპარეზობდა. სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრები პირველივე ციკლში A დივიზიონში გადავიდა, საიდანაც პირველივე ცდაზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
2011წელს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე საქართვეოს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო 11 გუნდში მოხვდა. გასულ, 2013 წელს ქართველები ღირსეულად გამოვიდნენ სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რის შემდეგც იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება ამოეწურა.
კოკოშკოვის გარდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ეროვნული გუნდის მწვრთნელობის კიდევ ერთი სერბი კანდიდატი ჰყავდა, თუმცა საფუძვლიანი ანალიზისა და მოლაპარაკებების შემდეგ არჩევანი ჩვენი ნაკრებისთვის კარგად ნაცნობ კოკოშკოვზე შეჩერდა. მოლაპარაკებები 10 მარტს დასრულდა და ურთირთშეთანხმების საფუძველზე იგორ კოკოშკოვმა კიდევ 2 წლით ჩაიბარა საქართველოს ეროვნული ნაკრები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.