ახალი ამბები

ქუთაისში უსახლკაროთა თავშესაფრის ბინადრები ორი დღე საკვებით არ მოამარაგეს

10 მარტი, 2014 • • 1097
ქუთაისში უსახლკაროთა თავშესაფრის ბინადრები ორი დღე საკვებით არ მოამარაგეს

მადლიერების სახლის დირექტორი ოლეგ კაკურია ამბობს, რომ დროებითი თავშესაფრის ბინადრებს მთელი ზამთრის განმავლობაში ამარაგებდნენ, თუმცა მარტის დასაწყისში ორდღიანი წყვეტა იყო:

 

“ყოველდღე მიგვაქვს პროდუქტი, არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ არის. იყო ერთი დღე, დღენახევარი ჩავარდნა გასულ კვირაში, მანქანა გაგვიფუჭდა, საწვავი არ გვქონდა და ვერ მივუტანეთ, მერე პრობლემები აღარ ჰქონიათ მაგათ. საწვავზე ტენდერი არ არის გამოცხადებული, თბილისში მივდივართ ყოველი თვის ბოლოს და მოგვაქვს. მაგ შემთხვევაში ვერ ჩავედით, რომ ჩამოგვეტანა.”

 

კაკურია ამბობს, რომ მადლიერების სახლი უსახლკაროებს საკვებით 20 მარტამდე მოამარაგებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე თავშესაფარში 2 კაცია, ხოლო საკვები 6 კაცის სამყოფი მიაქვთ:

 

“ორი კაცია სულ, მეტი მე ვერასდროს ვნახე, საჭმელი მიგვაქვს ექვს პიროვნებაზე. ყოველ შემთხვევაში, ის ორი დღე თუ გაუცდათ, მანამდე იმდენი კერძი და პური იყო მიტანილი, რომ სამ დღეს ეყოფოდათ და ერთი დღე კი გვაპატიონ მაგ დალოცვილებმა, რა მოხდა?!”

მასალების გადაბეჭდვის წესი