ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტმა დაადგინა: სადისციპლინო კოდექსის 105-ე, 106-ე 113 -ე , 114 -ე და 115-ე მუხლების დარღვევისთვის სკ. „ტორპედოს “განესაზღვროს ფულადი ჯარიმა 18300 ლარის ოდენობით, ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს (სკ „ტორპედო“ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს) და ტექნიკური წაგება 0:3 ანგარიშით „დინამო“ თბილისის სასარგებლოდ.
სკ „დინამო“ დაჯარიმდა 800 ლარის ოდენობით დინამოელთა გულშემატკივრების მიერ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სკამების დამტვრევისა და მოედანზე გადმოყრის გამო.
რაც შეეხება კომიტეტზე განხილულ კიდევ ერთ მატჩს – გორის „დილასა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის, სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის დროს გულშემატკივართა მიერ მოედანზე შეჭრის გამო სკ „დილა“ დაჯარიმდა (სადისციპლინო კედექსის 106-ე მუხლის დარღვევა) 4000 ლარით. სკ „დილას“ ფეხბურთელი ლექსო კვახაძე,კი მსაჯის შეურაცყოფისათვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600 ლარი ფულადი ჯარიმით დაისაჯა. სფფ-ის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება ოფიციალურად კლუბებს ხვალ დილით გაეგზავნებათ.
9 მარტს ქუთაისში, ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში, როდესაც ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო” ხვდებოდნენ, მოულოდნელად გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ. ინციდენტის მატჩის მსვლელობიდან 57:00-ე წუთზე მოხდა, როდესაც გულშემატკივრები მოედანზე მოულოდნელად შევიდნენ. მათ ჰქონდათ ფეხბურთელებთან მიახლოვების მცდელობაც. სტადიონზე დალეწეს მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამებიც. მატჩის პირდაპირი ტრანსლირების დროს გაისმა უცენზურო შეძახილი “დინამოს” მისამართით. ინცინდენტის დროს ანგარიში “დინამოს” სასარგებლოდ 2:0 იყო. შეხვედრა ჩაიშალა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ გულშემატკივრების ადგილიდან გაყვანა სცადა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “დინამოს” პრესსამასახურს, თუმცა მან კომენტარის გაკეთება მომხდართან დაკავშირბეით ჯერჯერობით ვერ შეძლო.