ახალი ამბები

NGO-ები ცესკოსთან მემორანდუმს არ დადებენ, თუ უწყება 3 პირობას არ შეასრულებს

27 აგვისტო, 2018 • 1720
NGO-ები ცესკოსთან მემორანდუმს არ დადებენ, თუ უწყება 3 პირობას არ შეასრულებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოსთან, მემორანდუმის გაფორმებაზე უარს იტყვიან, თუ მათ მიერ ინიცირებული პირობები არ შესრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულ განცხადებაში წერია.

განცხადების თანახმად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია რაც ხორციელდება. მემორანდუმის ხელმოწერის ფასილიტაციას „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES)  უზრუნველყოფს. მათივე თქმით, წელს მემორანდუმის ხელმოწერა 27 აგვისტოს იგეგმებოდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შეუთანხმებელი საკითხები, რომლის ირგვლივაც მნიშვნელოვანია მსჯელობის გაგრძელება.

“ტრადიციულად, მემორანდუმზე ხელმოწერით ხელმომწერი მხარეები ვთანხმდებით, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს, სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით ვიხელმძღვანელებთ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მემორანდუმმა გარკვეულწილად დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და გადაიქცა ფორმალურ  პროცესად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მემორანდუმზე შეთანხმება და მისი ხელმოწერა ქმნის არასწორ წარმოდგენას,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციები თანხვედრაშია და წინასაარჩევნო კამპანიასთან და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული ჩანაწერები ერთნაირად ესმით, რაც ასე არ არის.

“მაგალითად, საკმაოდ პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია ვიწროდ განმარტავს კანონს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს უკანასკნელი რიგ საკითხებთან მიმართებით შეგნებულად არიდებს თავს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებას.

კერძოდ, ცესკომ ბოლო სარჩევნო ციკლის პერიოდში ვერ უზრუნველყო სოციალური ქსელების მეშვეობით განხორციელებული უკანონო აგიტაციის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება. მაგ. 2016  და 2017 წლების არჩევნებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების – მიხეილ სააკაშვილის და ანდრეი შევჩენკოს მხრიდან აგიტაციაში მონაწილეობა და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სოციალური ქსელების მეშვეობით საჯარო მოხელეთა მხრიდან სამუშაო საათების განმავლობაში აგიტაცია”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მათი თქმით, მიმდინარე წელს, მემორანდუმის ტექსტზე მუშაობისას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა სოციალურ ქსელებში აგიტაციაზე ჩანაწერის დამატება მოითხოვეს, რათა აღმოფხვრილიყო სოციალური მედიის მეშვეობით კანონდარღვევების შესაძლებლობა. არასამთავრობოების ინფორმაციით, ეს უკანასკნელი ცესკომ არ გაიზიარა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ცესკო ვერ ახერხებს თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირებას და კანონის სათანადო განმარტებას.

“ამას ემატება ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ცესკოს თავმჯდომარემ გამოიჩინა უპატივცემულო დამოკიდებულება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიმართ და მან საიას კვლევას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა“,- ვკითხულობთ წერილში.

მათივე განცხადებით, გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ფიქსირდება აგრესიული და მტრულ დამოკიდებულება არასამთავრობოების დამკვირვებლებისადმი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის სულისკვეთების საწინააღმდეგოა.

როგორც განცხადებაში წერია, იმისათვის, რომ მემორანდუმმა დაიბრუნოს თავისი მნიშვნელობა და გაგრძელდეს მასზე მუშაობა, ცესკოს მხრიდან საჭიროა შესაბამისი ნების გამოვლენა, რათა:

1. სოციალურ ქსელებში აგიტაციასთან დაკავშირებით მოხდეს კანონის პროგრესული განმარტება;

2. საარჩევნო დავების განხილვა წარიმართოს სრულყოფილად და ობიექტურად;

3. საარჩევნო ადმინისტრაციამ პატივი სცეს ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

განცხადებას ხელს აწერენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი