ახალი ამბები

აუდიტის სამსახურის ანგარიშით პროფესიულ განათლებაში 2 მილიონამდე არაეფექტიანად გაიხარჯა

10 მარტი, 2014 • • 973
აუდიტის სამსახურის ანგარიშით პროფესიულ განათლებაში 2 მილიონამდე არაეფექტიანად გაიხარჯა

“პროფესიული განათლება არის უმუშევრობის (განსაკუთრებით, სტრუქტურული უმუშევრობის) პრობლემის აღმოფხვრის, სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. გასული 5 წლის განმავლობაში პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე 50 მილიონ ლარზე მეტია გახარჯული. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმებით და გადაწყვიტა შეესწავლა აღნიშნული რეფორმების ეკონომიურობა, პროდუქტიულობა და ეფექტიანობა”, – აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ აუდიტის პერიოდმა მოიცვა 2010-2012 წლები და 2013 წლის პირველი ნახევარი.

 

უწყების ცნობით, ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომის ბაზარზე არსებული ინფორმაციის სიმწირის გამო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა მის მიერვე განსაზღვრული პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შესაბამისობას შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან. შესაბამისად, ფინანსდებოდა ისეთი პროგრამები, რომლებიც იმ პერიოდისათვის შეიძლება მოთხოვნადი არ ყოფილიყო (მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფინანსდებოდა ზოოტექნიკოსის პროფესია, თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, მასზე მოთხოვნა არ იყო).

 

‘პრობლემებია სასწავლო პროცესების მართვის კუთხითაც. საქართველოში არსებული სისტემა რიგ ასპექტებში თავსებადია კოპენჰაგენის პროცესთან და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან, თუმცა გააჩნია გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები: არ არის შემუშავებული სასწავლებელთა შიდა და გარე შეფასების მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, ბიზნესის მიერ პროფსასწავლებლების საქმიანობის შეფასებას და, მეორე მხრივ, მასწავლებელბის მხრიდან სასწავლო პროცესზე მონიტორინგს. საქართველოში მოქმედი პროფესიული სტანდარტები და მის საფუძველზე შემუშავებული სასწავლო პროგრამები (კურიკულუმები) არის ძალიან ზოგადი და არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას სასწავლო კურსისა და სტუდენტის მიერ მისაღები პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ”, – აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში და დასძენენ, რომ გარდა ამისა, კრედიტების სისტემა არ არის სტანდარტიზებული და უნიფიცირებული (გიდის პროფესიის დაუფლებას ზოგ სასწავლებელში 36 კრედიტი ჭირდება, ზოგან კი 40 კრედიტი იყო აუცილებელი), რაც ხელს უშლის სასწავლო პროცესის მოქნილობასა და თანაბარი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას.

 

“მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ორიენტირებულია ზოგად და არა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე (პროფესიულ უნარ-ჩვევებზე გადამზადდა სულ 7 პედაგოგი, რაც გადამზადებული მასწავლებლების 1%-იც არ არის). ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი. კერძოდ, გაუმართავია მონაცემთა ბაზა, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. არ არის საკმარისი კომუნიკაცია სამინისტროსა და პოტენციურ დამსაქმებლებს (კერძო სექტორის სუბიექტებს) შორის. არარაციონალურია დაფინანსების სისტემა – სასწავლებლებზე თანხების გადანაწილება ხდებოდა არაოპტიმალურად, ვაუჩერის ფიქსირებული ხასიათის გამო სასწავლებლებზე გაცემული თანხები არ შეესაბამებოდა მათ რეალურ საჭიროებებს; ვაუჩერის გაცემის სისტემის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების (თითქმის 2 მილიონი ლარი) არაეფექტიანად გახარჯვა (საიდანაც დაახლოებით 860 ათასი ლარი არამიზნობრივ ხარჯად უნდა ჩაითვალოს)”.

მასალების გადაბეჭდვის წესი