ახალი ამბები

მაკკეინმა ანდერძით დაიბარა, რომ დაკრძალვაზე ტრამპი არ მივიდეს

27 აგვისტო, 2018 • 3653
მაკკეინმა ანდერძით დაიბარა, რომ  დაკრძალვაზე ტრამპი არ მივიდეს

გარდაცვლილმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ანდერძით დაიბარა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მივიდეს მის დაკრძალვაზე. თეთრ სახლს კი ნეკროლოგი არ გაუვრცელებია.

სენატორმა თავის ანდერძში დაწერა, რომ სურს მის დაკრძალვაზე ყოფილი პრეზიდენტები გამოვიდნენ გამოსამშვიდობებელი სიტყვით – ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს, რომელსაც იგი მკაცრად აკრიტიკებდა, აუკრძალა გასვენებაში მისვლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის კიდევ ერთი სტატიის მიხედვით, თეთრმა სახლმა არ გაავრცელა ნეკროლოგი სენატორის დაღუპვის გამო. როგორც CNN-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, მაკკეინის გარდაცვალების გამო ნეკროლოგი უკვე დაწერილი იყო, თუმცა თეთრმა სახლმა არ გაავრცელა.

პრეზიდენტმა ტრამპმა მხოლოდ მოკლე სამძიმრის წერილი გაავრცელა ტვიტერზე: “თანაგრძნობა და პატივისცემა მინდა გამოვხატო სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახის მიმართ. ვლოცულობთ თქვენთვის”.

როგორც CNN იუწყება ფარულ წყაროზე დაყრდნობით, ტრამპი არ დაეთანხმა მის მრჩევლებს, გაევრცელებინა განცხადება, სადაც აღნიშნავდა მაკკეინის სამხედრო და სამოქალაქო დამსახურებას ქვეყნის წინაშე.

ტრამპს და მაკკეინს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ – არიზონის შტატის „რესპუბლიკელი“ სენატორი მაკკეინი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო „რესპუბლიკელებიდან“. ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიეტნამის ომის ვეტერანი გმირი კი არ იყო, არამედ ომში დატყვევებული სამხედრო. “მე არ მიყვარს ხალხი, რომლებსაც ვერ ატყვევებენ”, – განაცხადა ტრამპმა.

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანამდე, ტვინის სიმსივნით დაავადებულმა ჯონ მაკკეინმა მედიკამენტებით მკურნალობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს მაკკეინის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით.

მაკკეინს ამერიკულ პოლიტიკაში თითქმის 40-წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი 6-ჯერ აირჩიეს არიზონის შტატის სენატორად, პირველად 1986 წელს, ხოლო ბოლოს – 2016 წელს. ვიეტნამის ომის ვეტერანმა მაკკეინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ მიიღო – 2000 და 2008 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი