ახალი ამბები

ობამამ ღარიბაშვილი უსაფრთხოების სამიტზე მიიწვია – “ვიმედოვნებ, რომ ჰააგაში შეგხვდებით”

10 მარტი, 2014 • • 973
ობამამ ღარიბაშვილი უსაფრთხოების სამიტზე მიიწვია – “ვიმედოვნებ, რომ ჰააგაში შეგხვდებით”

წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰააგაში ბირთვული უსაფრთხების მესამე სამიტის ფარგლებში შეხვდება. 

 

„მოუთმენლად ველი ამ სამიტსა და ჩვენი მასპინძლების მიერ შემუშავებულ ინტერაქტიულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ შეგხვდებით ამ სამიტის ფარგლებში. 2010 წელს ვაშინგტონსა და 2012 წელს სეულში გამართული ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გადავდგით იმედისმომცემი ნაბიჯები მთელს მსოფლიოში ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ინდივიდუალური და ერთობლივი შესაძლებლობების განსამტკიცებლად. ამასთან, ჩვენ თითქმის ყოველდღიურად გვახსენებენ, რომ ტერორიზმის საშიშროება რეალურია და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ბირთვული ტერორიზმის გლობალური კატასტროფა. 

 

ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, 2014 წლის სამიტი წარმატებული იქნება და ჩვენ უკეთ დავიცავთ ადამიანებს მთელს მსოფლიოში ბირთვული ტერორიზმისაგან“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბარაკ ობამასგან მიიღო.

 

ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტი ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართება. სამიტზე მიწვეული არიან 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე, ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის- აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი მანუელ ბაროზო. სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ბირთვული უსაფრთხოების გლობალური ფორუმის იდეა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკუთვნის. პირველი ამგვარი სამიტი 2010 წლის 12–13 აპრილს მოეწყო ვაშინგტონში, მეორე კი 2012 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი