მერკელმა ალიევს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების შესახებ შეახსენა

ზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან დღევანდელი შეხვედრის დროს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებსაც შეეხო.

“ჩვენ ალბათ შევეხებით ზოგიერთ კრიტიკულ მომენტსაც, ეს არის ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სიტუაცია”, – განაცხადა მერკელმა ალიევთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე უფრო დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეები ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის საკითხებს, ენერგორესურსების ბაზრის დივერსიფიცირებას შეეხნენ. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა.

პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა ალიევს ჰკითხა, ისაუბრეს თუ არა ლიდერებმა დაკავებულ ჟურნალისტებზე, აფგან მუხთარლიზე და სხვებზე, რაზეც ალიევმა უპასუხა, რომ აზერბაიჯანში უზრუნველყოფილია ყველა თავისუფლება, მათ შორის პრესის და კრიტიკისთვის და განსხვავებული აზრისთვის არავინ იდევნება.

ადამიანის უფლებების საკითხზე, კერძოდ, ჟურნალისტების დაკავებაზე, მედიის მდგომარეობაზე, განსხვავებული აზრისთვის დევნაზე და პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე სასაუბროდ ანგელა მერკელი ბაქოში გერმანიის საელჩოში აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც შეხვდა. შეხვედრა, როგორც გამოცემა turan წერს, დაახლოებით, ერთი საათი გაგრძელდა.

მერკელის ბაქოში ვიზიტამდე 22 აგვისტოს ბერლინში, გერმანიის ფედერალური კანცლერის რეზიდენციასთან აზერბაიჯანელი პოლიტიემიგრანტების სანქცირებული აქცია გაიმართა. აქციის მიზანი ანგელა მერკელის ყურდღების მიქცევა იყო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების პრობლემებზე, ბაქოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მის ვიზიტამდე.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში, გერმანიის კანცლერი, თბილისში, ერევანსა და ბაქოში ჩავიდა.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო დევნის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი უფრო ძლიერდება.

ფოტო: azertag.az

ფოტო: azertag.az

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი